გიორგი გოგლიჩიძე: მე ვიქნები ის მერი, რომელიც უსმენს და ემსახურება ხალხს

ზესტაფონის ახლადარჩეული მერი გიორგი გოგლიჩიძე უფლებამოსილების განხორციელებას რამდენიმე დღეში შეუდგება. ქვეყნის მასშტაბით პირველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მერმა, რიგგარეშე არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მოიპოვა.

რა გეგმები აქვს გიორგი გოგლიჩიძეს და რას ხედავს ქალაქის მთავარ გამოწვევად, ზესტაფონის ახლად არჩეული მერი, „აიპრესისთვის“  მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

პირველ რიგში რომ გვითხრათ ოფიციალურად როდის შეუდგებით უფლებამოსილების განხორციელებას როგორც ზესტაფონის მერი?

მერის რანგში უფლებამოსილების განხორციელებას, რამდენიმე დღეში უკვე  ოფიციალურად შევუდგები.

არჩევნების დღეს დარწმუნებული იყავით რომ ზესტაფონის მერი გახდებოდით და მეორე ტური იყო გამორიცხული, ასეც მოხდა, ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად რას ხედავთ, უკვე ფაქტობრივად ზესტაფონის მერის ამპლუიდან?

მოსახლეობისგან ძალიან დიდ სითბოს და  მხარდაჭერას  ვგრძნობდი,  როცა ასეთი მხარდაჭერა გაქვს, ბუნებრივია, მოლოდინიც უფრო დიდია. თანამდებობები მუდმივი არ არის. როცა ჩემი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, მინდა ხალხის სიყვარული წავიღო და ჩემს ზესტაფონს, ჩემი გაკეთებული საქმეები დავუტოვო.  მე ვიქნები ის მერი, რომელიც უსმენს და ემსახურება ხალხს და არ იქნება არავითარი ბარიერები მოქალაქეებთან შეხვედრისას.

რა პრობლემების წინაშე დგას ახლა ზესტაფონი და რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პრობლემების მოსაგავარებლად?

ყველაზე მთავარია, რომ მოსახლეობა, ხელისუფლებასთან ერთად ჩაერთოს მუნიციპალიტეტის მართვაში. თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის, ჩვენ ყველანი ერთად დავიწყებთ ზრუნვას.  ყველა გამოწვევას და პრობლემას, ერთად გადავწყვეტთ და მოვაგვარებთ.   მოსახლეობასთან   კომუნიკაციით და თანამშრომლობით, ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.  მიმდინარე წლიდან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში,  ისეთი მასშტაბის და დანიშნულების პროექტები განხორციელდება, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, არ დაგეგმილა და განხორციელებულა. მათ შორისაა ტურისტული მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა. იმ სოფლების გაზიფიცირება, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა ბუნებრივი აირი.  მიმდინარე წელს ერთდროულად რამდენიმე სოფლის: ტაბაკინი, თვრინი, ალავერდი, კლდეეთი, მარტოთუბანი, სანახშირე, წევა და სადგურ სვირის გაზიფიცირება იგეგმება. ზესტაფონის სოფლების გაზიფიცირებაზე 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მიმდინარე წლის ბოლომდე ზესტაფონში,   მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე ახალგაზრდული ცენტრი აშენდება.  იგეგმება იუსტიციის სახლის მშენებლობაც. ჩვენი სურვილია, რომ ზესტაფონში სკრინინგ ცენტრი გაიხსნას. ცენტრის დახმარებით, ადამიანები ადგილზე შეძლებენ საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას. უახლოეს მომავალში ზესტაფონში 6 ახალი ამბულატორია აშენდება. წინ ბევრი სიახლეები გველის.  ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორის მნიშვნელოვანია,  კვალითის დასახლების და აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა კომუნიკაციების მოწყობა იგეგმება. ზესტაფონს უახლოეს მომავალში ექნება მეტი კეთილმოწყობილი ქუჩა, სკვერი, საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ბაღი.  ცვლილებებს ყოველდღიურ რეჟიმში  იგრძნობს და დაინახავს მოსახლეობა.

ზესტაფონის მერია არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რამდენად კომფორტული იქნება თქვენთვის ამ გარემოში მუშაობა და დაიწყებთ თუ არა ამ მიმართულებით მუშაობას? ალბათ, დამეთანხმებით გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული გარემო რომელიც არ არის ადაპტირებული.

იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირმა, დამოუკიდებლად შეძლოს გადაადგილება შენობაში, სადაც მუნიციპალიტეტის მერია და  საკრებულოა განთავსებული, ადაპტირებული გარემო შეიქმნება.  ხაზგასმით  მინდა აღვნიშნო, ეს არ კეთდება  მხოლოდ მერისთვის,  ეს არის   ვალდებულება, რომ ყველა საჯარო სივრცე იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებისთვის. მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი, საპროექტო წინადადებაზე,   პროექტირების შემდეგ, კი მერია ტენდერს გამოაცხადებს, შენობაში ლიფტის დასამონტაჟებლად.

ხომ არ იგეგმება უახლოეს მომავალში რეორგანიზაცია მერიაში?

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი დამოკიდებულება მაქვს, რომლის შესახებაც, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

საზოგადოებას კარგად ახსოვს საპროტესტო აქციები უკვე ყოფილი მერის კაბინეტთან, მალევე კახაბერ მახათაძე თანამდებობიდან წავიდა, იყო ეს თქვენი დამსახურება?

ეს იყო საზოგადოების დამსახურება, რომელმაც უარი უთხრა, მმართველობის იმ ფორმას, რაც ყოფილმა მერმა და მისმა გუნდმა შესთავაზა  მათ და ბუნებრივია მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...