გიორგი გასვიანის საქმეზე დასახელებული პოლიციელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს

ბორჯომის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ხუციშვილი, რომელიც ტელეკომპანია "იბერიის" ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა მის ცემაში თანამონაწილედ დაასახელა, შსს-ს კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, "პოლიციელი პირადი პატაკის საფუძველზე გადაყვანილია კადრების განკარგულებაში გამოძიების დასრულებამდე". 

ცნობისთვის, გიორგი გასვიანმა "აიპრესთან" განაცხადა, რომ  

"ღამის 12 საათი იყო დაახლოებით, ჯერ არ ვიყავი სასტუმროში მოსული. ამ ღამეში და თოვლში, ზუსტად რომელი იყო სასტუმროს ამოსახვევი ვერ გავარკვიე. მოქალაქეს ვკითხე და იმან არ იცოდა. მე მარტო ვიყავი. მარჯვნივ გავუხვიე, ვნახავ იქ ხომ არ არის მოსახვევითქო. მოყინული იყო და ჭირდა მანქანის ტარება. იქ რომ მივედი, მივხდი რომ, რაღაც დასახლება იყო და ზემოთ უნდა ამოვსულიყავი. 

ვიპოვე რაღაც დიდი ადგილი და მოვბრუნდი. შემხვედრი მანქანა მოდიოდა და "დავატორმუზე" წყნარად, რომ გამეარა, მაგრამ მანქანა ჩამიქრა და მოვსრიალდი. იმათ თავიდან გამიარეს, მაგრამ შემდეგ მობრუნდნენ და ჩხუბი დამიწყეს იმაზე, რატომ მოგისრიალდა მანქანა, ჩვენი მოკვლა გინდოდა, მოკვლას გვიპირებდიო და ა.შ. არ იყვნენ ფხიზლები. დამიწყეს ცემა და მერე იარაღის დამადეს.

სამი იყვნენ, ერთ-ერთი იყო ბორჯომის სამმართველოს პოლიციელი, მიხეილ ხუციშვილი. თავიდან წესიერად ვერ ვხედავდი სახეზე, მუხლებზე ვხედავდი. რაღაცეები არც მახსოვს. მინდოდა ამეხსნა, რომ ჟურნალისტი ვიყავი და სემინარზე მოვდიოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.

ბოლოს მანქანაში ჩამსვეს, დამაძრევინეს… ის პოლიციელი მომიჯდა გვერდით და მომიყვანეს აქ(სასტუმროში). ოღონდ მთელი გზა იმის პირობას ვაძლევდი, რომ არაფერს ვიტყოდი. შემდეგ უკვე როდესაც პოლიციაში დაკითხვაზე ვიყავი, თვითონ მათ მითხრეს, რომ ძალიან მთვრალი იყოო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად