გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ერთობლივი კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებული პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ენერგეტიკის სფეროში ევროკომისარ კადრი სიმსონს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის თქმით, შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში და აღინიშნა, რომ ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციას შეუწობს ხელს. შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან პერსპექტივებს, რომლებიც არსებობს მომავალში კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრის რანგში, ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესშია. გამოითქვა იმედი ამ მიმართულებით მეტი ევროპული ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად