გიორგი გახარია: ვხედათ, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ ერთმანეთს ასაზრდოებენ – ეს ქაოსი უნდა დავამთავროთ

პირველი რასაც გავაკეთებთ, ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი უნდა დავამყაროთ, – ეს განცხადება გიორგი გახარიამ, ქობულეთში, პარტია „საქართველოსთვის“ ოფისის გახსნაზე გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“ ერთმანეთს ასაზრდოებენ და შექმნილი ქაოსი მათი დასასრულებელია.

„დღეს ჩვენ ქობულეთში ვხსნით,ჩვენი ახალი პარტიის პირველ ოფისს. ამ ყველაფერში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ გვიწევს თან პარტიების ოფისების გახსნა და თან არჩევნებზე ფიქრი, რომელიც მოახლოვდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს სამშობლოში, აჭარაში, ქობულეთში, ეს ქაოსი უნდა დავამთავროთ. უნდა დავამთავროთ დრო, როდესაც ერთის მხრიდან, სიძულვილის და ბოროტების გამარჯვების დრო მოვიდა და მეორეს მხრივ ეს უსუსურობაც და არაკომპეტენტურობაც უნდა დავასრულოთ. ამ ჩაკეტილ წრეზე სიარულს თავი უნდა დავანებოთ და ქვეყანას და ბავშვებს მომავალისკენ გზა უნდა გავუხსნათ. ეს არის ჩვენი მიზანი სხვა არაფერი. ბევრმა ვერ გაიგო რას ნიშნავდა ის, რითაც ჩვენ დავიწყეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არა ვართ. ჩვენთვის მთავარი არის ამ ქვეყნის და ჩვენი ახალგაზრდების მომავალი და ეს მომავალი შენდება შრომით და არა ჩხუბით, ლანძღვა-გინებით, ქაოსით და იმ გარემოებით, როდესაც სახელმწიფო თავის ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებს და თავის მოქალაქეს ვერ იცავს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თავის ძირითად ფუნქციას ვერ ასრულებს, ქვეყანაში სადაც არ არის სიმშვიდე, არ არის უსაფრთხოება, ყველანაირი დაპირება და ყველანაირი მოლოდინი, სამუშაო ადგილების, ეკონომიკის გაძლიერების, ახალი ბიზნესის, კულტურის, სპორტის განვითარების, არ შეიძლება, რომ წარმატებული იყოს. ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, წესრიგი უნდა დავამყაროთ.
წესრიგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება. წესრიგი არის ის, სადაც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს ღირსეულ კანდიდატებზე უნდა ვიზრუნოთ.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქაოსი, რომელიც დღეს სამწუხაროდ ქვეყანაში ხდება, ჩვენი დასასრულებელია. სამწუხაროდ მე ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ, შეიქმნა მდგომარეობა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა „ოცნება“ უბრალოდ ერთმანეთს ასაზრდოებენ და ამას ჩვენ დღეს კარგად ვხედავთ და ჩვენ დღეს ყველამ ერთად, ჩვენი შვილების მომავლსთვის და ქვეყნის მომავლისთვის, უნდა დავასრულოთ ეს. უნდა დავასრულოთ ამ მანკიერ წრეზე სიარული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

კომენტარები
იტვირთება...