გიორგი გახარია: ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ

“მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს”.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმებული მოქალაქეების თემაზე დასმული შეკითხვების სპასუხოდ განაცხადა. .

კითხვაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ჯარიმების ჩამოწერის საკითხი მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწევთ, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება ხელისუფლებას შესაძლოა, კიდევ დასჭირდეს და მთავრობა ვერ გამოვა ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით.

„ახლა ძალიან კარგად მესმის, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ. განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. მინდა, გითხრათ, რომ დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, რომელიც იყო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, იყო 9 000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს, ამიტომ პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციის ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს. პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად