გიორგი გახარია სვანებს: უნიკალური კუთხის, უნიკალური ფასეულობების, უნიკალური ენის და ხასიათის ადამიანები ხართ თქვენ

უნიკალური კუთხის, უნიკალური ფასეულობების, უნიკალური ენის და ხასიათის ადამიანები ხართ თქვენ. ჩვენ დღეს დიდი მიშა ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმში ვიყავით და იქ ყველაფერი ჩანს ნათლად. თვითონ ფაქტები გვეუბნება, სად ვიმყოფებით ახლა დღეს, მაგრამ აქედან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ხართ და ეს კუთხეა საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის მცველი. ეს არის ყველაზე დიდი ღვაწლი, რისთვისაც სრულიად საქართველო აფასებს და ყოველთვის დააფასებს სვანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

„მთა არის და უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი. ამიტომ, მოხდა ის, რომ მთაში მიგრაციული პროცესები ნელ-ნელა შეჩერდა და ადამიანები უკვე მთაში ბრუნდებიან. ჩვენი მიზანია, ყველგან – მთაშიც, ბარშიც, თბილისში, მესტიაში, ბათუმში, რუსთავში, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობები, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ერთი და იგივე შესაძლებლობები, როგორც საპენსიო მომსახურების, ასევე ჯანმრთელობის მიმართულებით. არ უნდა იყოს სხვაობა. ეს იქნება ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, სადაც სვანეთისმაგვარი კუთხეები მრავალფეროვნებას შეიტანენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის გამდიდრებისთვის და მე ვიცი, რომ ეს თქვენ ყველას შეგიძლიათ“, – განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად