გიორგი გახარია: სრულიად საქართველო აფასებს და ყოველთვის დააფასებს სვანებს

თქვენ ხართ და ეს კუთხეა საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის მცველი. ეს არის ყველაზე დიდი ღვაწლი, რისთვისაც სრულიად საქართველო აფასებს და ყოველთვის დააფასებს სვანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

„მთა არის და უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი. ამიტომ, მოხდა ის, რომ მთაში მიგრაციული პროცესები ნელ-ნელა შეჩერდა და ადამიანები უკვე მთაში ბრუნდებიან. ჩვენი მიზანია, ყველგან – მთაშიც, ბარშიც, თბილისში, მესტიაში, ბათუმში, რუსთავში, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობები, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ერთი და იგივე შესაძლებლობები, როგორც საპენსიო მომსახურების, ასევე ჯანმრთელობის მიმართულებით. არ უნდა იყოს სხვაობა. ეს იქნება ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, სადაც სვანეთისმაგვარი კუთხეები მრავალფეროვნებას შეიტანენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის გამდიდრებისთვის და მე ვიცი, რომ ეს თქვენ ყველას შეგიძლიათ.

„ბოლო წლების განმავლობაში სვანეთის ინფრასტრუქტურაში ჩაიდო დაახლოებით 150 მლნ-ზე მეტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს 20 მილიარდ ლარს, მინიმუმ და ამ თანხის დიდი ნაწილი იქნება მიმართული მესტიისა და სვანეთისკენ და საერთოდ, მთის მიმართულებით. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რაც ახლა ვნახეთ ლაღამის უბანში, ისევე როგორც უშგულის თემში, ეს პროექტები გპირდებით, რომ დაიწყება 2021 წლის პირველი ნახევრიდან. ისევე როგორც, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება მესტიის ასე თუ ისე წესრიგში იყო მოყვანილი, იქ სტიქიაც დაემატა, წყალი აღარ გვყოფნის, უახლოეს პერიოდში, 2021 წლიდან 24-საათიანი წყლის მომარაგების საკითხიც დაიწყება და დასრულდება, ისევე როგორც ლენტეხის დამაკავშირებელი გზაც აუცილებლად დაიწყება და დასრულდება, ისევე როგორც ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა, რომელსაც აშკარად რეაბილიტირება სჭირდება 2021 წლიდან ამ გზის რეაბილიტაცია დაიწყება და ამისთვის დაახლოებით 20 მლნ ლარი დაიხარჯება.

ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ, იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყველა კარგად ვხედავდით, მესტია როგორ ვითარდება. დაგვაკლდა ახლა ცოტა ტურისტი, მაგრამ ზამთარში ყველამ ვნახეთ, რომ ადგილობრივი იმდენი ქართველი ამოვიდა მესტიაში, რომ ბევრ ჩამოსულზე შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი იყოს ის, რადგან ქართველებმა ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და თავიდან აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, იმიტომ რომ ბევრი ქართველი სამარცხვინოდ და სამწუხაროდ მესტიაში საერთოდ ნამყოფი არ იყო. ამიტომ ჯერ ჩვენს მოქალაქეებს გავაცნოთ ერთმანეთი და მერე წავიდეთ ევროპისკენ და მერე გავაცნოთ, ყველამ ერთად მთლიანად საქართველომ მესტია და ჩვენი უნიკალური ბუნება და კულტურა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვწყვეტთ.

ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერაში, რომ მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ – ღირსეული გამარჯვება უნდა დავიცვათ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არანაირ პროვოკაციებს, ღირსებით, მოთმინებით, სამართლიან ბრძოლაში მშვიდად, კიდევ ერთხელ უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გამარჯვება გავხადოთ მესტიის და სრულიად საქართველოს გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ, სვანებო!“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად