გიორგი გახარია შემოსავლების სამსახურს: არც ერთი შეცდომა არ ეპატიებათ, ლიმიტი დამთავრდა

უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა; ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.

„შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯვით ნაწილთან და ამის კონტროლი, საბაჟო და შემოსავლების სამსახური, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ იცოდეთ, უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს.

შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად