გიორგი გახარია: სერგეი გავრილოვს საქართველოში არ შემოვუშვებ!

სერგეი გავრილოვი არ მაინტერესებს, საქართველოში არ შემოვუშვებ!,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან გავრილოვის შესაძლო ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

“დღეს გავრილოვი საერთოდ არ მაინტერესებს, ის მეათე ხარისხოვანია. არ გიპასუხებთ ამაზე. არ შემოვუშვებ. გავრილოვს საქართველოში არ შემოვუშვებ”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა არა პირადი მიზნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ “მომლოცველთა შესახებ” ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამოსცადოს.

“ჩვენ ” მომლოცველთა შესახებ ” კანონი მივიღეთ და ამ კანონის ფარგლებში მისი შემოწმება მსურს, ამიტომ შესაძლოა ვიზიტით საქართველოში ჩავიდე, რათა ადგილობრივი სალოცავები მოვინახულო”, – განუცხადა გავრილოვმა სააგენტო “რია ნოვოსტის”.

„ახლა სულაც არ ვაპირებ საქართველოში წასვლას, პროვოკატორებისთვის საბაბის მიცემას არ ვგეგმავ. მჯერა, რომ ვითარება დარეგულირდება“, – აღნიშნა სერგეი გავრილოვმა.

რუსეთის დუმის დეპუტატის თბილისში დაგეგმილ ხელახალ ვიზიტზე წერს ასევე სააგენტო “ინტერფაქსი”. მედიის ინფორმაციით, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი შემოდგომაზე საქართველოში მოგზაურობას გეგმავს. დუმის დეპუტატი ამბობს, რომ მას პირადი გეგმები აქვს. მისივე თქმით, მზად არის, რომ თუნდაც ხვალვე ჩამოვიდეს თბილისში.

თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. რაც 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა, შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით, შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწლეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი,  წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

როგორც გადაუდებელი სიტუაციების მმართვის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯამში კლინიკებში 240-მდე პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის 80-მდე პოლიციელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...