პრემიერი სალომე სამადაშვილს: საერთაშორისო პარტნიორები არიან არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველ რიგში საქართველოს მეგობრები

“საერთაშორისო პარტნიორები არიან არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველ რიგში საქართველოს მეგობრები”

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც პრემიერს აშშ-ის ელჩის განცხადება შეახსენა.

„უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება, თქვენ არ გაქვთ. ჩვენ, მეც, პირადად, მათ შორის, უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან, ასე გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე. თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები. საქართველოს მეგობრები არიან ეს ადამიანები და შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ კონკრეტულად 8 მარტის შეთანხმებას. აგერ იქნება, სულ მალე, მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დროც, იქაც ვნახავთ, აშკარად გამოჩნდება, დარწმუნებული ვარ, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილიც დიახ, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მიაყენებს თუ არა დარტყმას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო სასიცოცხლოდ დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს? ”

ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვაში ხაზი გაუსვა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მნიშვნელობას მაშინ, როცა მმართველი გუნდის წევრები, სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის მსგავსად, დონალდ ტრამპსაც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერად არ მოიხსენიებენ.

„როდესაც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტმა, მან შეგვახსენა, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, მართლმსაჯულება და საერთო დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა. გასაგებია, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს მოიხსენიებთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლებს. იმედია, ამ დარბაზში ისეთ სისულელეს არ გვეტყვით, რომ აშშ-ის პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.

ამ ფონზე მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო პასუხი შეკითხვაზე: 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილიც დიახ, არის პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლება, მიაყენებს თუ არა დარტყმას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო სასიცოცხლოდ დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის მისამართით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად