გიორგი გახარია: მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას – რქაწითელზე და კახურ მწვანეზე ფასი იქნება 80 თეთრი

„მოგეხსენებათ, რთველი გვიახლოვდება. ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ ზუსტად სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა და საერთოდ, ქართულ ექსპორტში მეღვინეობა 2012 წელს დაახლოებით 2.5 პროცენტი იყო. დღეის მონაცემები, ეს არის 6 პროცენტი.

ეს არის ძალზედ სერიოზული განვითარების დინამიკა, დარგის ზრდის. ამიტომ შეუძლებელი იყო, ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში.

მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დავალება აქვს მიღებული. თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში თუ უკიდურესი აუცილებლობა დადგა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძენზე, რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს კრიზისის პირობებში ის მინიმალური შესაძლებლობაა, რაც ჩვენ შეგვიძლია, ქართველ მევენახეებს დღეს დახმარების სახით გავუწიოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად