გიორგი გახარია: მედიკამენტებზე ფასი უნდა შემცირდეს!

მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს,  მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე; უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

პრემიერმა  აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას სჭირდება დიდი დრო, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც იყო სისტემაში 8 წლის წინ. მისივე თქმით, ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირება.

„მოგეხსენებათ, ქვეყნის მმართველობით სისტემაში, ჩვენი სოციალური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა ჯანდაცვა. ამიტომ, ჯანდაცვის რეფორმირება ვერ ხდება 1 და 2 და ვერც 3 და 5 წელიწადში, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის სისტემის იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც იყო 8 წლის წინ. პირველი ამოცანა რაც იყო, იყო ელემენტარულად სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაჩენა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, სიცოცხლის პრობლემა იყო პრობლემა, შესაბამისად, ამის პასუხი იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც განხორციელდა. არც საყოველთაო ჯანდაცვაა დღეს იდეალური, მასაც შემდგომი რეფორმირება სჭირდება და ეს რეფორმირება მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულია, თუმცა ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირება. ეს ორი მონაცემია, ორი გამოწვევაა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, რომელსაც მან უნდა უპასუხოს უახლოეს მომავალში. ინსტრუმენტები შეიძლება აქ იყოს სხვადასხვა, თუმცა საბოლოო ჯამში შედეგი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჯიბიდან გადახდა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უნდა შემცირდეს.  თუ რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამისთვის, ეს არის რეფორმის ნაწილი. მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე. ამ ამოცანას ჯანდაცვის სისტემა შეასრულებს. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით იქნება გადადგმული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს კრიზისის პირობებში, როდესაც სოციალური დახმარება ჩვენი თითოეული მოქალაქისა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მაშინ როდესაც ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა და ისინი ნელ-ნელა გადაადგილდებიან სოციალური იერარქიით ერთი ნაბიჯით ქვემოთ, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება – ხელი შევუწყოთ ადამიანებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად