გიორგი გახარია: მე და კახიმ მთელი საქართველო მოვიარეთ – 31 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ღირსეულ და სამართლიან ბრძოლაში

მე და კახიმ ბოლო 2 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, მოვიარეთ მთელი საქართველო ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს გუნდთან ერთად და რეალურად მინდა გითხრათ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც ვიგრძენით არის ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

„პირელ რიგში, ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს დღეს შესაძლებლობა, თქვენთან ერთად ვისაუბრო ქვეყნის მომავალზე. მე და კახიმ ბოლო 2 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად მოვიარეთ მთელი საქართველო ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს გუნდთან ერთად და რეალურად მინდა გითხრათ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც ვიგრძენით არის, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ბოლო 8 წლის განმავლობაში, პირველ რიგში, ადამიანის ღირსების გაფრთხილებით.

პირველ რიგში ისე, რომ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ჩვენს ყურადღების ცენტრში, ისე, რომ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირბადის გაკეთება, ასეთი მარტივი რამ არა თავის დაცვა, არამედ ჩვენი თანამოქალაქის და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების დაცვაა. ესაა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, შრომა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შემდგომი 4 წელი იქნება გამოწვევებით სავსე და ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ უაღრესად არაორდინალურ სიტუაციაში გვიწევს ამ კამპანიის ჩატარება, პირბადეებით და კიდევ ბევრი სხვა შეზღუდვებით, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის, როგორც ჩვენ გამოვიარეთ ბოლო 5-6 თვე, არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარების წინაშე და ეს ის შესაძლებლობაა, რომლითაც შეიძლება ეს კრიზისი ვაქციოთ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის შესაძლებლობად. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა, ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო და რა არის ამის ყველაზე დიდი საფუძველი, ესაა ჩვენი ერთიანობა. ჩვენ საერთოდ გვახასიათებს, როდესაც გაჭირვება და ბრძოლაა, მაშინ გაერთიანება. განსაკუთრებით, ეს გაერთიანება ჩვენ გვჭირდება დღეს, როდესაც ორ დღეში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევანი და ეს არჩევანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე პარტიის ან პარტიული ძალის არჩევანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის მომავალი წლების განმავლობაში ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების არჩევანი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გაკეთებულ საქმეზე ვართ ორიენტირებულები და თუნდაც ამ გაკეთებულ საქმეს აქ, თბილისში ყველანი კარგად ხედავთ,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად