გიორგი გახარია: ევროპაში წასვლის შესაძლებლობით არ უნდა დავუშვათ COVID-19-ის ვირუსის უკონტროლო გავრცელება

„ევროპაში წასვლის შესაძლებლობით არ უნდა დავუშვათ COVID-19-ის ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ევროკავშირმა საქართველო დააფიქსირა როგორც მწვანე ქვეყანა, უსაფრთხო ქვეყანა COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს არის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისა და ერთობლივი შრომის მიღწევა, რომელიც ბოლო 5 თვის განმავლობაში ყველამ ერთად გავიარეთ. რა თქმა უნდა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ქვეყნისთვის, საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა.

ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ არ დაუშვათ არცერთ შემთხვევაში ვირუსის გავრცელება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვის გამო, ისევე როგორც ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის გახლავთ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

სწორედ ამ ჭრილში ვხედავთ ჩვენ იმ დაფასებას და შესაძლებლობას, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენ განგვისაზღვრეს. რა თქმა უნდა მათ ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ობიექტური შეფასებისთვის, რაც ბოლო 5 თვის მუშაობისთვის მივიღეთ და ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რაც უნდა გამოვიყენოთ გონივრულად და ამ შესაძლებლობის გამოყენების ძირითადი პრინციპი უნდა იყოს, რომ არ უნდა დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად