გიორგი გახარია: დღეს არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გლეხკაცს მიეხმარო, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი და მეწარმე

გიორგი გახარია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისები აჭარაში – ხულოსა და შუახევში გახსნა.  

„თუკი ძლიერი სახელმწიფო არ იქნება, არაფერი არ იქნება! არაფერი ჩვენ არ გვამოძრავებს, ამ ქვეყნის მომავლის გარდა და ახალგაზრდების მხარდაჭერის გარდა.“ – მიმართა გახარიამ მოსახლეობას.  

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ პრემიერის თანამდებობიდან გადადგომისა და ქართული ოცნების დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა.

„თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ და შეიძლება, მკითხოთ – იქ არ იყავი და გაგეკეთებინაო… იქ რომ ვიყავი, სადამდეც შესაძლებლობა იყო საქმის კეთების – ამას ვაკეთებდი. შემდგომ უკვე გართულდა ეს ყველაფერი.“ – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ პარტიის გუნდის შერჩევის პრინციპებზეც ისაუბრა.

„მინდა იცოდეთ, რომ არა აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა იმას,  გუშინ და გუშინწინ ვინ სად იყო და ვის ემსახურებოდა, მთავარია, რომ ადამიანი იყოს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და დღეს იდგეს და ისეთ ნაბიჯს დგამდეს, რომელიც ამ ქვეყანას და რაიონს სჭირდება. ეს არის და ეს! – ერთი ადამიანი არ იქნება ჩვენთან ისეთი, ვისაც ან რაიმე რეპუტაცია აქვს გაფუჭებული, ან კორუფციასთან საქმე ჰქონია, ან ტყუილები და… როგორც კი ასეთს დაინახავთ, უნდა მოხვიდეთ, გვითხრათ და დამთავრებულია! თითოეული ადამიანი, ვინც აქ იქნება, ამათი მოწოდება და მიზანი იქნება, რომ თქვენ გემსახუროთ. ეს არის და ეს!“-ამბობს გახარია.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მისი გუნდის პრიორიტეტი ფერმერების დახმარება და გაძლიერება და მეწარმეობის ხელშეწყობა იქნება.

„მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ოფისი – ეს იქნება ჩვენი ყველას სახლი და რაშიც არ უნდა დაგჭირდეთ დახმარება, აქ მთავარია, არ მოგატყუებენ! მე ამას ყველას ვუხსნი და ვეუბნები, ტყუილზე უფრო ცუდი არაფერია! ჯობია, ადამიანს უთხრა არა – იქ სადაც არ შეგიძლია, ვიდრე რაღაცას დაპირდე ისეთს, რასაც ვერ გააკეთებ!  არაფერი არ არის უფრო მნიშვნელოვანი დღეს, ვიდრე გლეხკაცს მიეხმარო, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული თქვენთაგანი, ვისაც შრომა არ ეზარება, გახდეს ძლიერი ფერმერი, ძლიერი მეწარმე, პირველ რიგში, საკუთარ ოჯახს ემსახუროს და ოჯახი არჩინოს ღირსეულად, მერე თავის მუნიციპალიტეტს, ქალაქს, სოფელს და მერე – ქვეყანას! ასეა და მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, როგორც თქვენ თვლით, რომ ამ რაიონს, ამ მუნიციპალიტეტს სჭირდება.“ – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

კომენტარები
იტვირთება...