გიორგი გახარია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს შეხვდება.

შეხვედრებზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

დავით ზალკალიანის შეფასებით, მიუნხენის კონფერენცია წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან ფორუმს, რომელსაც ქართული მხარე მაქსიმალურად იყენებს, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალურად იყოს ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.

„ბუნებრივია, ასევე ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც ეკონომიური მიმართულებით ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამსწრე საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ხაზი გავუსვათ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, იქნება როგორც ორმხრივი შეხვედრები, ასევე მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში. პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ და თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც სამაგალითოა, კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, გაძლიერდეს. ცოტა ხნის წინ ჩატარდა თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში, სადაც საუბარი იყო ავღანეთში ოპერაციის შემდგომ მიმდინარეობაზე. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით და მომავალშიც გააგრძელებს ამას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა კოლეგებთან დაგეგმილ ოცამდე ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართავს.

„მე დაგეგმილი მაქვს 20-მდე ორმხრივი შეხვედრა, როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე სხვადასხვა ექსპერტებთან და ოფიციალურ პირებთან. მექნება ასევე გამოსვლა პანელზე, რომელიც არის მიძღვნილი შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკასთან, სადაც ვისაუბრებ საქართველოს როლზე და ფუნქციაზე შავი ზღვის რეგიონში, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების კონტექსტში შავ ზღვას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ჩვენი ფუნქცია განსაკუთრებულად იყო გამოყოფილი ბოლო სამიტებზე, ბრიუსელის სამიტზე, ნატოს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტერიალის დროს. ბუნებრივია, ამ პანელს აქტიურად გამოვიყენებთ შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე სასაუბროდ და ასევე, საქართველოს როლის წარმოჩენის თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად