გიორგი გახარია: Covid-ფონდის თანხებს რას უპირებთ, რისთვის ინახავთო – ვინახავთ მეორე ტალღისთვის

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, როგორც მოქალაქის სოციალური დახმარების, ასევე ეკონომიკური ნაწილი – ბიზნესის დახმარების, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ციკლში ვართ და, სამწუხაროდ, რაღაც ისე ხელწამოსაკრავად ჰგონიათ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. დღევანდელ დღემდე 560 000-მა ადამიანმა მიიღო დახმარება, ფაქტია, ეს არის ფინანსთა სამინისტროს მიერ ხაზინიდან განხორციელებული გადარიცხვები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„შეიძლება ბევრი ვიდავოთ – ცოტაა?! ბევრია?! საკმარისია?! ვიღაცას შეიძლება 10 000 მისცენ და აგერ ბატონი ჭიაბერაშვილი უპრობლემოდ დაჰპირდებოდა ყოველ შემთხვევაში. აქედან 99 336 თვითდასაქმებულს ჩაერიცხა 300 ლარი, ერთჯერადად. 90 775-ს ჩაერიცხა 200 ლარი, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში იქნება 1 200 ლარი. 196 496 ადამიანს, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ 65 000-დან 100 000-ქულამდე, უკვე ჩაერიცხა ეს დახმარება. 22 900 ადამიანს, მრავალშვილიან ოჯახს ჩაერიცხა დახმარება. 42 000 შშმ პირს, მათ შორის, არასრულწოვნებს, ჩაერიცხა ეს დახმარება. 28 000 ფერმერს დაერიცხა ჰა-ზე 200 ლარიანი დახმარება, 72 000-მა ფერმერმა ისარგებლა აგროდიზელით და ა.შ. რეალურად, ეს ყველაფერი გრძელდება. ბატონმა რომანმა ბრძანა, რომ 300 000 თუ 400 000 ადამიანი მოატყუეთო.

გასაკვირი არითმეტიკა აქვს. არავინ მოგვიტყუებია, ბოლომდე მივყვებით, ყველა ადამიანამდე მივალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენჯერმე გაისმა აქ, რომ Covid-ფონდის თანხებს რას უპირებთ, რისთვის ინახავთო – ვინახავთ მეორე ტალღისთვის. მოგეხსენებათ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევაა არაპროგნოზირებადობა და ჩვენ ვართ მზად, წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. გავიგეთ, რომ საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ მაღალი ხარისხის გაურკვევლობის პირობებში მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის სტანდარტი იყოს დაცული. თითოეულ ამ რჩევას, როგორ გამოვიყენოთ ეს Covid-ფონდის თანხა, ბატონებო, თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ, ზუსტად, გაგახსენებთ ამას მერე, რომ არ დაიწყოთ პოლიტიკური სპეკულაციები, გაგახსენებთ და გეტყვით, რომ აი თქვენ როგორც გვირჩიეთ ზუსტად ისე გამოვიყენეთთქო,“-გააცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად