გიორგი გახარია: ჩემთვის მიუღებელია მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალება

ჩემთვის მიუღებელია მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის, საერთოდ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალება.
რა თქმა უნდა,საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დასტურდება იმ ნაბიჯებით, რაც პრეზიდენტმა გადადგა.

უნდა იყოს მორატორიუმი და საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად. საერთო ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულისთვის, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებულები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულნი”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა ძებნილიც შეიწყალა.

“წინა ორი შეწყალებისგან განსხვავებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონტაქტი არ შემდგარა და ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც, 24-დან 23 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, რადგან ის დღესაც ძებნილია”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის ამ ძებნილის დანაშაული და შეუძლია თუ არა მას, ამ ადამიანის გვარი თქვას, წულუკიანმა აღნიშნა, რომ დანაშაული იყო მითვისება-გაფლანგვა, ხოლო რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და მას ვერ დაასახელებს.

„თუ სწორად მახსოვს, ეს მითვისება-გაფლანგვა უნდა იყოს. ეს ადამიანი დაახლოებით, 2009-2010 წლებიდან არის გაუჩინარებული და ძებნილია. რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და ვერ დავასახელებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია. ეს კანონით აკრძალულია და ამ ადამიანის ნებართვაა საჭირო იმისთვის, რომ გვარი გავამჟღავნო. რეალურად, იმ 24 მსჯავრდებულიდან უფრო მეტი იქნა შეწყალებული, მაგრამ დანარჩენები პრობაციონერები იყვნენ და ამიტომ, მათზე დღეს არ მისაუბრია“, – განაცხადა წულუკიანმა.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად