გიორგი გაგნიძე: ტვირთბრუნვა შემცირებულია მთელს რეგიონში და ეს რკინიგზაზეც აისახა

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გაგნიძე განცხადებას ავრცელებს.

"10 სექტემბერს რუსთავი 2-ის გადაცემა ბიზნეს კურიერში განიხილებოდა საკითხი სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბრუნვის შესახებ. სამწუხაროდ, გადაცემაში მონაწილეობისას, მცირე დროისა და ფორმატიდან გამომდინარე არ მომეცა საშუალება, სრულად გადმომეცა საზოგადოებისათვის ინფორმაცია კომპანიის მიღწევების შესახებ. როგორც გადაცემაში აღვნიშნე, ტვირთბრუნვა შემცირებულია მთელს რეგიონში, რომელსაც რკინიგზა ემსახურება და შესაბამისად გარკვეული მოცულობით შემცირება სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბრუნვაზეც აისახა. ერთის მხრივ ეს კლება უკავშირდება ნედლი ნავთობის გადამისამართებას ნავთობსადენებში, რომელთაგან ერთ-ერთი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი საქართველოს ტეროტორიაზე გადის. ნედლი ნავთობის კლება მიმდინარეობს რკინიგზაში 2011 წლიდან და 2010 წელთან შედარებით დღეისათვის დაახლოებით 3ჯერ არის შემცირებული. კლებას ნედლ ნავთობში მნიშვნელოვან წილად აკომპენსირებს ზრდა ნავთობ პროდუქტებში, რომელიც უფრო მაღალტარიფიანი და, შესაბამისად, უფრო მომგებიანია საქართველოს რკინიგზისათვის. ჯამურად ბოლო პერიოდში ტვირთბრუნვის კლებამ რეგიონში 40%-მდე მიაღწია, მაშინ როდესაც სს „საქართველოს რკინიგზით“ მშრალი ტვირთების გადაზიდვა ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი, 2012 წლის ნიშნულიდან – 10.6 მილიონი ტონა, 2014 წლისთვის მხოლოდ 14% იყო. აღნიშნული ფაქტი გამომდინარეობს იქიდან, რომ კომპანია ინტენსიურად მუშაობს ახალი ტირთების მოზიდვისთვის ჩვენი კორიდორისკენ. მაგალითად, 90იანი წლების ბოლოს „დაკარგულმა“ ბამბამ 2014 წლიდან განაახლა საქართველოს რკინიგზით ტრანსპორტირება; დაიწყო აზერბაიჯანიდან მეთანოლისა და თურქმენეთიდან გრანირებული გოგირდის გადაზიდვა. საკონტეინერო ბლოკ-მატარებელმა ჩინეთიდან წელს წარმატებით გაიარა კორიდორი, რაც დიდი პერსპექტივის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის.

ტვირთების მატების პერსპექტივასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო კორიდორის წევრ ქვეყნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სარკინიგზო პოტენციალის გაზრდაზეა ორიენტირებული. ჩვენი, როგორც ბიზნეს კომპანიის ერთერთი უმთავრესი ამოცანაა მაქსიმალური ღირებულება შევქმნათ აქციონერისთვის- სახელმწიფოსთვის, რაც მომგებინობის გაზრდას გულისხმობს. ამ მხრივ კომპანია მნიშვნელოვან წარმატებს აღწევს. მაგალითად, 2009 და 2014 წელს რკინიგზამ ფაქტიურად ერთნაირი მოცულობის ტვირთის გადაზიდვა განახორციელა – 17.1 და 16.7 მილიონი ტონა შესაბამისად. მაგრამ შემოსავლები აშშ დოლარში (რომ არაფერი ვთქვათ ლარში) – 191 მილიონი დოლარიდნა 290 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და საოპერაციო ფულადმა მოგებამ (EBITDA) – შესაბამისად 71 და 142 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვის საოპერაციო ფულადი მოგება აშშ დოლარში 25%ით გაიზარდა. და ეს ზრდები არ მომხდარა ტარიფების აგრესიული ზრდით, არამედ მოხდა ბიზნესის ვერტიკალური ინტეგრაციით, რაც აქამდე არსებულ საოპერაციო საქმიანობაში ლოჯისტიკის ელემენტისა და მისი შესაბამისი შემოსავლის დამატებით განხორციელდა. შემოსავლის აღნიშნული ელემენტი 2013 წლამდე ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული, გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიებში მიედინებოდა. 2015 წელს მომგებიანობის პროცენტულმა გამოსახულებამ (ფულადი საოპერაციო მოგება/შემოსავლებთან) რეკორდულ ნიშნულს – 56.5%-ს მიაღწია. 2014 წლის შემოსავლები იყო მაქსიმალური კომპანიის ისტორიაში და წელს ეგ მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება", -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად