გიორგი გაჩეჩილაძე: “2009-2012 წლებში სასამართლომ მოსახლეობას 460 მილიონი ლარი დააკისრა”

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, სადაც სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

„სამართლიანობა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, რომელიც მოსამართლეებთან და სასამართლო სისტემასთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, თეორიული მსჯელობები კარგია, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ როცა სამართლიანობა არ არის და მისი ძირითადი ღერძი – სასამართლო არ არის შესაბამის დონეზე, ეს მარტო თეორიაში კი არ, პრაქტიკაშიც აისახება, ადამიანების ბედზე, მათ სიცოცხლეზე და საკუთრებაზე აისახება. შეგახსენებთ იმ სტატისტიკას, რომელიც 2012 წლის ჩათვლით სასამართლო სისტემასთან არის დაკავშირებული. მარტო საპროცესო შეთანხმებებით, გირაოთი და ასე შემდეგ, რომელსაც სასამართლო ანიჭებდა მოსახლეობას, 2009 წლიდან 2012 წლის განმავლობაში, როგორ გგონიათ, რამდენი დააკისრა სასამართლომ მოსახლეობას? 460 მილიონი ლარი! ეს ციფრი ასეთ პატარა და გაჭირვებულ ქვეყანაში ბუნებრივია ამ ციფრმა თავისი გამოხატულება ჰპოვა ადამიანების ცხოვრებასა და სიცოცხლეზე. ერთი მაგალითი პარლამენტის წევრი, გიგა ბუკია იყო, რომელსაც 177 ათასი ლარი დაარიცხეს და რომელმაც ბინა დაკარგა ამის გამო. ამისთანა იცით რამდენია? 2013 წელს გამოქვეყნდა გაეროს შეფასება საქართველოში მოწყვლადობასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია 2011-2012 წლების მდგომარეობაზე და მისი მონაცემებით 80 ათასი უსახლკარო არსებობდა ქვეყანაში და აქედან საკმაოდ სერიოზული ნაწილი სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებებით იყო ქუჩაში გამოყრილი“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად