გიორგი გაბუნიას გზავნილი ბიძინა ივანიშვილს

"ხელისუფლებასთან ჩვენი გზავნილი მარტივია, არაფერს მისგან არ ვითხოვთ უბრალოდ დაგვანებოს თავი. ნუ ჩაერევა ჩვენს საქმეებში, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია და გვინდა ასეთად დარჩეს. ვთვლით, რომ მედია ქვეყანაში უნდა იყოს ასეთი, მითუმეტეს "რუსთავი 2", – ამის შესახებ "აიპრესთან" ტელეკომპანია "რუსთავი 2" ჟურნალისტმა, გადაცემა "არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა. 

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სხვანაირად ხედავენ მომავალს, რომლებსაც უნდათ, რომ ეკრანი იყოს ისეთივე შავი, როგორიც იყო ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ეს მათი არჩევანია. მათ აქვთ უფლება არ უყვარდეთ „რუსთავი 2“ ოღონდ იმედი უნდა გავუცრუო, ვერ დავპირდები მათ რომ „რუსთავი 2“ გაითიშება. ჩვენ აუცილებლად დავრჩებით ეთერში, უბრალოდ მოუწევთ სხვა არხზე გადართვა.

თუ უზენაესი სასამართლო თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

ვნახავთ თუ ასეთი რამე მოხდება, მაგრამ, მე იმედი მაქვს ეს არ მოხდება. ეს რომ მომხდარიყო აქამდე შეძლებდნენ „რუსთავი 2“ -ის დამორჩილებას. მიხარია, რომ უზენაესი სასამართლო ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ დაიმორჩილა. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს სწორედ ასე მოხდება და ვერ მოახერხებს მის ფეხქვეშ გათელვას.

ნიკა გვარამიამ დღეს აქციაზე განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ ებრძვის ბიძინა ივანიშვილი. თქვენ, როგორც ჟურნალისტს რა გზავნილი გაქვთ ივანიშვილთან?

მე როგორც ჟურნალისტი ვეტყოდი ბატონ ბიძინას, გადახედოს რა დაემართა თუნდაც მის წინამორბედ ხელისუფლებას. 

ჩემი შეფასებით მისი წინამორბედი ხელისუფლების დასასრული  სწორედ იქიდან დაიწყო, როდესაც მედიის, მთავარი არხების სრული დამორჩილება მოხდა. მიუხედავ იმისა, რომდარჩენილი იყო გარკვეული არხები, რომლებიც თავისუფლად აჟღერებდნენ თავიანთ აზრს, ძირითადად მთავარი არხები ერთი და იგივეს საუბრობდნენ, იმას, რაც უნდოდა ხელისუფლებას. 

საბოლოოდ, ამ ხელისუფლებამ ცოტა ხანი გაძლო. მაგრამ, დაკარგა მმართველობა. თუ „ქართული ოცნება“ წავა ამ გზით, მე ამჯერად ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ "ქართულ ოცნებაში", იმიტომ რომ ეს მისი გუნდია, დასასრული ასეთივე იქნება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...