გიორგი დოხტურიშვილი: ვარკეთილის მესამე მასივში საგზაო მოძრაობის მონიტორინგი განხორციელდა

თბილისის საკრებულოს სამგორის (მესამე მასივი) რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, ვარკეთილის მესამე მასივში საგზაო მოძრაობის მონიტორინგი განახორციელეს. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი დოხტურიშვილი ადგილზე გაეცნო მგზავრთა ახალი მოსაცდელების მოწყობის,ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ ტაქსებისთვის უფასო პარკირების ადგილების დახაზვის და ნ71 ავტობუსის მარშრუტის ცვლილებას, რომლითაც ასეულობით ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემა გადაიჭრება.

„ჩვენ დღეს ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას. მონიტორინგის მიზანი საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებული სირთულეების აღმოფხვრაა. დღეს ჩვენს მიერ აღმოჩენილი ხარვეზები რეაგირებისათვის მერიის სატრანსპორტო სამსახურს გადაეცა და მათი მოგვარება უახლოეს მომავალში დაიწყება“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

დღესვე, რაიონის მაჟორიტარი და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვარკეთილის მესამე მასივში ტაქსის მძღოლებს შეხვდნენ. გიორგი დოხტურიშვილის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ინიციატივას მძღოლები დადებითად აფასებენ და გარკვეული სერვისებით უკვე სარგებლობენ.

„მოხარული ვარ, რომ ტაქსის მძღოლები ახალ რეგულაციებს დადებითად აფასებენ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და სწორედ ამისთვის დავაწესეთ რეგულაციები. ჩვენი გუნდი სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს“,- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...