გიორგი ჩაკვეტაძე: ელექტროველოსიპედები და ელექტროსკუტერები მერიის მიერ განსაზღვრულ ადგილებში განთავსდება

თბილისში ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისის გამოჩენას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საკრებულოში საკანონმდებლო პაკეტის  განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიღების შემდეგ, დედაქალაქში  ეკო- ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები განთავსდება. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ელექტროსკუტერების გაქირავებასთან დაკავშირებით. თბილისის საკრებულოში განვიხილავთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემდეგაც ეკო- ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები განთავსდება. ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი სისტემურად მოწესრიგდება. საკრებულოს დადგენილების მიღების შემდეგ, ელექტროველოსიპედების და ელექტროსკუტერების განთავსება მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე იქნება შესაძლებელი. ასევე, დაინერგება პარამეტრები, რაც კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი მერიის მიერ არ რეგულირდებოდა  და კომპანიები მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდნენ.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, ჯანსაღი გარემო და ცხოვრების ჯანსაღი წესი თბილისის მთავრობის პრიორიტეტია და თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, სკვერსა და პარკში თანამედროვე, ევროპული ტიპის ველობილიკები რეგულარულად ეწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...