გიორგი ბარამიძე: ვაშაძემ მოიტყუა… მიაჩნდა, რომ პარტია პარლამენტში უნდა შესულიყო, მაგრამ სტრატეგიაც კი არ წარმოუდგენია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე მისი პარტიის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის შესახებ ამბობს, რომ მოიტყუა, როცა თქვა გადაწყვეტილებები კონსულტაციების გარეშე მიიღებოდა.

ბარამიძემ ისიც თქვა, რომ პარტიის თავმჯდმომარე პარტიის დიდ უმცირესობაში იყო.

ამის შესახებ ბარამიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს.

გიორგი ბარამიძე: ვინაიდან ქუთაისში გაუყალბეს არჩევნები და ვერ მოიგო მაჟორიტარული ოლქი, ის თავად არ აპირებდა პარლამენტში შესვლას სიით, მაგრამ მხარს უჭერდა პარტიის შესვლას პარლამენტში, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო პარტიაში.

_ ანუ, ასე გამოვიდა, რომ თავმჯდომარე იყო პარტიის უმცირესობაში?

_ კი, ასე გამოვიდა. აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როდესაც თქვა კონსულტაციების გარეშე მიიღებოდა გადაწყვეტილებებიო, კაცი არ მოსულა პარტიაში. თუ ვინმეს ინტერვიუს მისცემს დაადასტურებს თავად ამას, რომ არ მოსულა პარტიაში და რა კონსულტაციებზე ლაპარაკობს?!

_ თუმცა, ისიც თქვა, რომ ინტერვიუებზე ნუ დამიკავშირდებითო…

_ ასე არ ხდება…

მინდა აქვე ვთქვა, რომ ნამდვილად კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანია. რასაც აქამდე ვამბობდი, ისევ იგივე აზრზე ვარ მის შესახებ, მადლობელი ვარ, რაც პარტიისთვის გააკეთა აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ ის ცუდად წავიდა და არასწორი რაღაცები თქვა პარტიასთან მიმართებით. ჩემი აზრით მან ტყუილი თქვა, როდესაც ის ამბობს, რომ კონსულტაციების გარეშე მიიღებოდა გადაწყვეტილებები. სჯობდა, გულწრფელად ეთქვა, რომ ის არ ეთანხმება პარტიის გენერალურ ხაზს. ეს არ არის პარტიის მხოლოდ ლიდერების გადაწყვეტილება, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება, რომ გაყალბებულ პარლამენტში არ შევიდეთ – ელემენტარულად მორალურ-ზნეობრივი გადაწყვეტილებაა.

ხალხმა ოპოზიციას დააკისრა ხელისუფლების როლი და ეს გაყალბებული არჩევნებითაც კი გამოიკვეთა, 52% აქვს ოპოზიციას ერთად. ამ ვითარებაში, როდესაც მაინც უმრავლესობა რჩება ხელისუფლებას, ასეთ არჩევნებში მონაწილეობა დანაშაულიც კი არის. აქედან გამომდინარე ეს არ ყოფილა ჩვენი პარტიის რამდენიმე ლიდერის გადაწყვეტილება. კაცმა მოიტყუა, არ მოსულა პარტიაში.

მას მიაჩნდა, რომ პარტია პარლამენტში უნდა შესულიყო, მაგრამ ის არ მოსულა, რომ ვინმესთან ან ედებატა, ან თავისი სტრატეგია წარმოედგინა.

_ ხედვა ცოტა ხნის წინ წარმოგიდგინათ რუსთავი 2-თვის მიცემული ინტერვიუს საშუალებით, რაც ასევე უცნაური იყო.

_ საკუთარ პარტიას პრესის საშუალებით არ უნდა ელაპარაკოს. ფაქტობრივად, როგორც თქვენ იკითხეთ, უბრალო უმცირესობაში კი არა, დიდ უმცირესობაში დარჩა. გასაგები იქნებოდა თავმჯდომარეობიდან რომ გადამდგარიყო, თუ ვინმეს გუნდში თავისი თავი აღარ ესახება, როდესაც თავმჯდომარეობას ტოვებს, ეს არ ვიცი.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მე თვითონაც დავრჩენილვარ უმცირესობაში, მაგრამ ამის გამო პარტია არ დამიტოვებია. ხან ისე ხდება ხან ასე. სტრატეგიულ საკითხზე არასდროს არ ყოფილა, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები 2016 წელს, როდესაც იყო განსხვავებები რაღაც-რაღაც საკითხებზე.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...