გიორგი ბარამიძე: პოლიტსაბჭოს წევრების უმეტესობის აზრია, რომ ახალ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ

დავუჭერთ თუ არა მხარს ევროკავშირის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, მაგრამ სავარაუდოდ მხარს არ დავუჭერთ, ასეთია წინასწარ წევრების უმეტესობის პოზიცია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “აიპრესს” განუცხადა.

“ჩვენ დღეს საღამოს გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩვენი მთავარი მოთხოვნები იყო პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელის ჩანიშვნა. ვადამდელის საკითხის თვითმმართველობაზე მიბმა გაუგებარია და ასევე ის, რა შუაშია 43%.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ადმინისტრაციის და პროცედურების საკითხი, რომ მეტ-ნაკლებად სამართლიან საარჩევნო გარემოში მაინც ჩატარდეს. ეს არჩევნები. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ თავმჯდომარე დაჭერილი გვყავს და მთავარი ლიდერი დევნილობაშია”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კითხვაზე, სავარაუდოდ არ დაუჭერენ მხარს, ასე გამოდის? – ბარამიძე ასე პასუხობს:

“კი, როგორც წინასწარი ინფორმაცია მაქვს პოლიტსაბჭოს წევრების უმეტესობის აზრი ასეთია. რადგანაც პოლიტსაბჭო იკრიბება, არ მივცემ თავს უფლებას, რომ დავასწრო და მტკიცებით ფორმაში გითხრათ.

ვიცით, რომ უსამართლო არჩევნები იყო, მაგრამ გადავახტებით საკუთარ თავს თუ ეს მოაგვარებს ხალხის პრობლემებს და მოაგვარებს პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ არ მოგვარდება და ვითარება კიდევ უფრო მძიმე იქნება. იმიტომ, რომ ეს რეჟიმი მხოლოდ და მხოლოდ ანგრევდა ქართულ ეკონომიკას. რა შეიცვლება ჩვენი პარლამენტში შესვლით? წინა წლებში რამე გაითვალისწინეს? რა როლი უნდა შევასრულოთ, ანტურაჟის როლი უნდა შევასრულოთ იმისათვის, რომ “ოცნებამ” თქვას, რომ კარგი არჩევნები ჩაატარეს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...