გიორგი ბარამიძე: ელჩებზე თავდასხმის წინააღმდეგი ვარ, კრიტიკა კი ნორმალურად მიმაჩნია

ელჩებზე თავდასხმის წინააღმდეგი ვარ, კრიტიკა კი ნორმალურად მიმაჩნია, ასეთია ფორმულა, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც დღეს საღამოს შემოგთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს:

_ გრიგოლ ვაშაძემ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება დიპლომატებზე შეტევის გამო ხომ არ მიიღო? ეს ხომ არ გახდა გახდა წყალგამყოფი?

_ ნაციონალური მოძრაობიდან იყო რამე ასეთი?! რა შუაშია ამაში ნაციონალური მოძრაობა?!

_ საინტერესოა, ელჩებთან მიმართებით თქვენ რა პოზიცია გაქვთ, ემიჯნებით მათ ლანძღვას თუ კრიტიკას?

_ გააჩნია, რომელ განცხადებებს გულისხმობთ?

_ მიდის კრიტიკა, რომ თითქოს „შეკრულია“ კელი დეგნანი ივანიშვილთან, მის საქმეს აკეთებს და ა. შ.

_ არა მგონია, რომ ვინმეს გამოეყენებინოს ტერმინი „შეკრულია“.

_ შესაძლოა ვუტრირებ, მაგრამ შინაარსი ასე ჟღერს.

_ თუ ფაქტი არ მაქვს ამას არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი. მოკლედ რომ გითხრათ თავდასხმის წინააღმდეგი ვარ, კრიტიკა აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია. ეს არის ფორმულა.

ეს არის დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომლის ნაწილიც გვინდა, რომ ვიყოთ. დასავლეთი არ იქცევა ჩვენი უფროსივით, როგორც ამას აკეთებს რუსეთი, რომელსაც უნდა, რომ ჩვენი „ნაჩალნიკები“ იყვნენ. დასავლეთს უნდა, რომ პატივსაცემ ოჯახში ვიყოთ პატივცემული წევრები. ამ საზოგადოებაში სიმართლის თქმა და კრიტიკა წახალისებულია, ხოლო თავდასხმა მიუღებელია. როგორ შეიძლება თავს დავესხათ იმ ქვეყნის ელჩებს, რომლის წყალობითაც ქართველი ხალხის ბრძოლასთან ერთად საქართველო დარჩა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. გვერდში გვიდგანან ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე, მხარს გვიჭერენ დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებაში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ა. შ. მათზე თავდასხმა ნამდვილად არ შეიძლება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...