გიორგი ბარამიძე: ჩვენ დროს არა მხოლოდ გადაცდომები იყო, არამედ სასტიკი დანაშაულებიც, იგივე ბუტა რობაქიძის ფაქტი

ჩვენ დროს არა მხოლოდ გადაცდომები იყო, არამედ სასტიკი დანაშაულებიც, იგივე ბუტა რობაქიძის ფაქტი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

გადაცემის თანაწამყვანმა ბუკა პეტრიაშვილმა ბარამიძეს ასეთი კითხვით მიმართა: “რეალურად ბანკის დაყაჩაღების და 43 ადამიანის მძევლად აყვანის ფაქტი მართლაც არ გვქონდა თქვენი ხელისუფლების დროს, მაგრამ კრიმინალთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდები ჰქონდა თქვენ ხელისუფლებას. გადამეტებული ძალის გამოყენებით. ძალიან ბევრი ოპერაცია, რომელზეც ძალიან ბევრი მსჯელობა იყო და კონკრეტული განაჩენებიც დადგა, მაგრამ სამომავლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რა იქნება თქვენი გზა და ხერხები კრიმინალთან ბრძოლის? ვინ არის იმის გარანტი, რომ კიდევ არ ექნება ადგილი გადაცდომას? მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი”.

რაზეც ბარამიძის პასუხი ასეთია: “არა მხოლოდ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, არამედ სასტიკ დანაშაულსაც. რისთვისაც პრეზიდენტ სააკაშვილის თამადობით (როგორც იტყვიან) ყველამ ჩვენ საზოგადოებას გულწრფელი ბოდიში მოვუხადეთ. იგივე ბუტა რობაქიძის ფაქტი და ა. შ. შესაბამისად ეს არის ის მწარე გაკვეთილი, რომელიც ყველას გვაქვს მიღებული. არა მარტო უგულო, არამედ იდიოტიც უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინო. ამის გარანტია არის არა რომელიმე პოლიტიკოსის სიტყვა, არამედ სისტემური მიდგომა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად