გიორგი ბარაბაძე: ჩვენი მიზანი ბიზნესის დასჯა და მომშთობი ანონიმური კონტროლი არ არის

კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის დასკვნის სიმართლეში დარწმუნებულია. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ბარაბაძე "აიპრესთან" ინტერვიუში განმარტავს, რომ საბოლოო განაჩენს ნავთობკომპანიების ჯარიმასთან დაკავშირებით, სასამართლო გამოიტანს. ბარაბაძის განცხადებით, ჯარიმები კომპანიების ფინანსური ბრუნვებიდან გამომდინარე დადგინდა. მისივე თქმით კონკურენციის სააგენტო ნავთობკომპანიების მიმართ მაქსიმალური სანქცირების გზით არ წასულა.

"ჯარიმა გამოითვლება თითოეული კომპანიის წინა წლის ფინანსური ბრუნვიდან გამომდინარე. მათი ფინანსური ბრუნვები განსხვავდება, სწორედ აქედან გამომდინარე დაანგარიშდა ჯარიმები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ  ჩვენ არ წავსულვართ მაქსიმალური სანქცირების გზით", – აცხადებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.

გიორგი ბარაბაძე განმარტავს, რომ კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევოს პირველ შემთხვევაში სანქცია ბრუნვის 5 პროცენტამდეა, განმეორების შემთხვევაში კი ის 10 პროცენტამდე ადის.

"კონკურენციის სააგენტოს თვითმიზანი კერძო ბიზნესის დასჯა და მომშთობი ანონიმური კონტროლი არ არის.  ჩვენი მიზანია ბაზარზე გაჯანსაღდეს მდგომარეობა და ყველას მიეცეს მარტივი ოპერირების საშუალება. ჩვენი სანქციებით არ გვსურს რომელიმე კომპანიას საფრთხე შეექმნას, დაიხუროს ან რაიმე მსგავსი. კონკურენციის სააგენტოს შექმნაზე საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენა იყო. ჩვენ არავის განადგურება არ გვსურს და ამას ცხადყოფს ჩვენს მიერ გამოყენებული სანქციები.  ჩვენ არ წავსულვართ მაქსიმალური სანქცირების გზით. თუმცა ის არის შესატყვისი დარღვევებთან მიმართებით. ეს არის ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს სტანდარტი, ყველა დამრღვევი აგებს პასუხს. ჩვენ კი ვამტკიცებთ რომ მათ ქმედებებში არის დარღვევის ნიშნები", – აცხადებს გიორგი ბარაბაძე "აიპრესთან" ინტერვიუში, რომელსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის ვისოლს, სოკარს, რომპეტროლს, გალფს, ლუკოილს და კიდევ 30-ზე მეტ ნავთობკომპანიას ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: სოკარი – 14 381 385 ლარი, რომპეტროლი – 10 885 806 ლარი, გალფი – 11 267 384 ლარი, ვისოლი – 10,426 393 ლარი, ლუკოილი – 4, 740 260 ლარი. ასევე, შპს L იოლი – 1 209 800 ლარი, შპს ი თი აი – 1 172 776 ლარი, შპს. ბინული 1 – 654 445 ლარი. კონკურენციის სააგენტო ნავთობის ბიზნესს 8 თვის განმავლობაში სწავლობდა. ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად