გიორგი ასათიანი: ვცდილობთ, ფიტნეს ინდუსტრიაში ფასები არ გავზარდოთ, მაგრამ ამდენი ხანი ზარალზე ვერ ვიმუშავებთ

ვცდილობთ, ფიტნეს ინდუსტრიაში ფასები არ გავზარდოთ, მაგრამ ამდენი ხანი ზარალზე ვერ ვიმუშავებთ, – ამის შესახებ ფიტნეს-კლუბ “ოქტოპუსის” დირექტორმა გიორგი ასათიანმა განაცხადა.

“ფინანსურად რთული მდგომარეობაა ინდუსტრიაში და სასურველი იქნებოდა, რომ მოხდეს საგადასახადო შეღავათები. მაგალითად, ევროპაში ფიტნეს ინდუსტრია გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან. ხვალ გვაქვს შეხვედრა ქალბატონ ნათია თურნავასთან და განვიხილავთ ამ საკითხს, თუ რა დამატებითი შეღავათები შესაძლოა იყოს განხორციელებული.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საფასო პოლიტიკა შევინარჩუნოთ და ფასები არ გავზარდოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ვითვალისწინებთ არსებულ ვითარებას ქვეყანაში, რომ არის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი და არ გვინდა, რომ ფასები გავზარდოთ. მაგრამ ამდენი ხანი ზარალზე ვერ ვიმუშავებთ. კომპანია ერთი წელი წარმოუდგენელ მინუსში ვართ გასულები”, – თქვა გიორგი ასათიანმა.

მისივე თქმით, ფიტნეს ინდუსტრიისთვის ისედაც მკაცრი რეგულაციები იყო, რომლის დაცვაც ხდებოდა. თუ დამატებით კიდევ არის მისაღები რაიმე ზომა, ამაზე შრომის ინსპექციასთან შეხვედრაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად 15 მარტიდან სპორტდარბაზები იხსნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...