გიორგი ახვლედიანი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე საქართველოსთვის ძალიან ცუდი სკანდალია

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი ჟურნალისტის გიორგი ახვლედიანის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეში საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეა. იმის მიუხედავად, მიიღო თუ არა მან ამ პროცესში მონაწილეობა.

ახვლედიანი „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მუხთარლის ჟურნალისტურ საქმიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ადამიანი ქვეყნიდან ასე არ უნდა ქრებოდეს. მით უმეტეს ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვდა.

„ძალიან სასაცილოდ მიმაჩნია განათლების მინისტრს რომ აქვს დავალებული მისი კომპენტენციისთვის შესაფერის თუ შეუფერებელ საკითხებზე განცხადებების კეთება. გატაცებული ჟურნალისტის შესახებ მთავარი სპიკერი რომ არის, ეს ცოტა არაადეკვატურად მიმაჩნია. მაგრამ ხელისუფლებამ თვითონ იცის, ვის  ავალებს თემების სპიკერობას. ამ ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების პირველსავე წუთიდან ეს ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან ცუდი სკანდალი იყო. ეს იყო ხელისუფლების ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის სირცხვილზე. იმის მიუხედავად, რაც არ უნდა დადასტურდეს. ეს ადამიანი აზერბაიჯანულმა მხარემ გაიტაცა, საზღვარზე გადაიყვანა და საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე არაფერი იცოდა, თუ საქართველოს მთავრობამ და სპეცსამსახურებმა მიიღეს მონაწილეობა ამ ადამიანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაყვანაში. ამას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ორივე შემთხვევაში დანაშაული ერთმნიშვნელოვანია.

დანაშაული ჩადენილია და ეს ფაქტად რჩება. ადამიანი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და როგორც მედიით არის ცნობილი ის საქართველოში თავშესაფარსაც ეძებდა, მეუღლესთან ერთად იყო. მას პასპორტი არ ჰქონდა, მის მეუღლეს აქვს. ამ ვითარებაში უცბად ქრება ეს ადამიანი საქართველოდან, ანუ მას იტაცებენ. რაღაც გარკვეულ პერიოდში ის სხვა ქვეყანაში აღმოჩნდება ყოველგვარი პასპორტის გარეშე. ხელისუფლების მტკიცება, რომ ეს ადამიანი ტყე-ტყე და ღრე-ღრე გადაიპარა სადღაც ძალიან სასაცილოა. ეს ქვეყნის შეურაცხყოფაც აღარაა, საკუთარ თავს იყენებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ორივე შემთხვევაში ხელისუფლება დამნაშავეა, მონაწილეობდა ამ პროცესში თუ არ მონაწილეობდა“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მისივე თქმით, მთავარი აქცენტის გაკეთება მუხთარლის ჟურნალისტურ საქმიანობაზე არასწორია, ვინაიდან შესაძლოა ამან გარკვაული განწყობები სხვა მიმართულებით წაიყვანოს.

 

„ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტის გაკეთება ამ ადამიანის პროფესიაზე არ მინდა, რადგან ამან შესაძლოა გარკვეული განწყობები სხვა მიმართულებით წაიყვანოს. მე არ მინდა ვთქვა, რომ რადგან ეს ადამიანი პარალელურ რეჟიმში ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისდამი ასეთი ქმედების განხორციელება და ამიტომ არის დანაშაული ის ქმედება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ადამიანი ქრება იმ ქვეყნიდან, რომელსაც თავშესაფარს სთხოვდა და ჩნდება იმ ქვეყანაში, რომლისგანაც ითხოვდა თავშესაფარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო თუ არა ამ პროცესში მონაწილეობა ის დამნაშავეა“, – განუცხადა გიორგი ახვლედიანმა „აიპრესს“. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...