გიორგი აბრამიშვილი: თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ყოველთვის დამოკიდებული იქნება მეზობელი ქვეყნების ენერგომატარებლებზე

მეზობელი ქვეყნების ენერგოამბიციის ფონზე, ჩვენი საზოგადოების ნაწილის აკვიატებული იდეფიქსი – „არა ჰესებს“ აძლიერებს განცდას, რომ ეს საპროტესტო ტალღა გარკვეული ძალებისგანაა მართული და მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკური განვითრების განზრახ შეფერხებას. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ყოველთვის დამოკიდებული იქნება მეზობელი ქვეყნების ენერგომატარებლებზე, – ამის შესახებ ენერგეტიკოსი გიორგი აბრამიშვილი თავის Facebook გვერდზე წერს.

“რა ხდება მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებში იმ დროს, როცა ჩვენში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან ჯერ კიდევ გვიწევს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის აუცილებლობის მტკიცება. გვიწევს გაუთავებელი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რაც თითქოს ცხადზე უცხადესია. გაუგებარია, რატომ არის ასე არასასურველი ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილისთვის საკუთარი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და შესაბამისად, ენერგეტიკული უსაფრთხოებაც.

გაუგებარია, რატომ ვერ ხვდებიან, სასიცოცხლოდ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკის განვითარებისთვის, მისი რეალური დამოუკიდებლობისთვის საიმედო და უწყვეტი ენერგომომარაგება, მაშინ როდესაც გაგვაჩნია ჩვენი საკუთარი ჰიდრორესურსი და მისი რაციონალურად ათვისების შესაძლებლობა.

დასაწყისში შემთხვევით არ ვახსენეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემები:

აზერბაიჯანმა ბოლო 15 წლის მანძილზე არაერთი ელექტროსადგური ააშენა, გენერაცია 3 000 მეგავატით გაზარდა და იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორად იქცა. წელს, პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა 509 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. ეს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.9 მლნ კვტ/სთ-ით მეტია! აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობიდან 91.3% ანუ 464.9 მლნ კვტ/სთ საქართველოზე მოდის, დანარჩენი 8.7% (!!) – ირანზე, თურქეთსა და რუსეთზე, – ამის შესახებ BM.Ge წერს აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით.

მეზობელმა სომხეთმაც ცალსახად გადაწყვიტა, რომ გაცილებით მეტი ენერგია ესაჭიროება და ატომური სიმძლავრის გაზრდის შესახებ სულ ახლახან განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინთან აპრილის დასაწყისში ისაუბრა ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომელშიც რუსეთი გეგმავს მონაწილეობას. სომხური მხარის მოლაპარაკებები რუს პარტნიორებთან ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია.

თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, უკვე ატომური ელექტროსადგურის მე-3 ენერგობლოკის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მას რუსული „როსატომი“ აშენებს. ეს პირველი ატომური ელექტროსადგურია თურქეთში და მისი მშენებლობა 20 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება. თურქეთი თვლის, რომ ატომური ენერგიის განვითარებით თავის ენერგოუსაფრთხოებას მკვეთრად გააძლიერებს. ამიტომ, ჩქარობს და უკვე მეოთხე ბლოკის მშენებლობის დაწყებას 2022 წელს გეგმავს, პირველი ბლოკის მშენებლობა თურქეთში 2018-ში, ხოლო მეორის – 2020 წელს დაიწყო. ამ გრანდიოზული ენერგოობიექტის საერთო სიმძლავრე 4 800 მეგავატი იქნება, ხოლო ელექტროენერგიის ყოველწლიური გამომუშავება – 35 მილიარდი კვტ/სთ.

გაუგებარია, რატომ მძლავრობს სურვილი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი ქვეყანა რეგიონში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს – დაძირული, ჩამორჩენილი და დიდწილად დამოკიდებული არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებზე, არამედ მათ კეთილ ნებაზეც, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება შეცვალოს პოლიტიკურმა ფაქტორებმა თუ წნეხმა. მითუმეტეს, როცა ერთ-ერთი მეზობელი რუსეთია, რომელიც კავკასიის რეგიონში თამაშის წესების გადაწყობითა და თავისი ინტერესების გაძლიერებით არის დაკავებული.

მეზობელი ქვეყნების ენერგოამბიციის ფონზე, ჩვენი საზოგადოების ნაწილის აკვიატებული იდეფიქსი – „არა ჰესებს“ აძლიერებს განცდას, რომ ეს საპროტესტო ტალღა გარკვეული ძალებისგანაა მართული და მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკური განვითრების განზრახ შეფერხებას. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ყოველთვის დამოკიდებული იქნება მეზობელი ქვეყნების ენერგომატარებლებზე, ვერც ეროვნულ ენერგეტიკას და მის გარეშე ვერც ეკონომიკის სხვა დარგებს ვერ განვავითარებთ, სხვისი ხელის შემყურე ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ ჭრილშიც მრავალ დათმობაზე მოუწევს წასვლა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის შესყიდვა მეზობელი ქვეყნებიდან იმ მომენტისთვის მისაღებ ფასად შეძლოს, თუ არადა, ჩაბნელებული წარსული გამოცდილების გახსენება მოუწევს.

გარეთ 21-ე საუკუნე და სწრაფად ცვლადი ტექნოლოგიების ხანა დგას და ასე თუ გავაგრძელებთ ამ საუკუნეს ვერასოდეს დავეწევით.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...