გიორგი აბრამიშვილი: ჰესების მშენებლობას არ აქვს უარყოფითი ზეგავლენა ან კავშირი მყინვარების დნობასთან

“ჰესების მშენებლობას ან ჰესებზე ელექტროენერგიის წარმოების პროცესს არ აქვს არავითარი უარყოფითი ზეგავლენა ან კავშირი მყინვარების დნობასთან”, – ამის შესახებ ენერგეტიკოსი გიორგი აბრამიშვილი თავის Facebook გვერდზე წერს.

“მინდა გამოვეხმაურო საზოგადოებაში გავრცელებულ კიდევ ერთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გლობალური დათბობის გამო, მდინარეებში მოიკლო წყალმა და ამ მიზეზით, მსოფლიო მასშტაბით, ჰესების მშენებლობა შეჩერებულია. ეს მოსაზრება განგებ არასწორადაა ფორმულირებული და ორმაგად საფრთხის შემხველია იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ სიმართლესაც მოიცავს. სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ საქმის ზერელედ მცოდნე ვერ მიხვდეს, რა არის მართალი ამ აზრში და რა არის ტყუილი. და სწორედ ამაში მდგომარეობს „ფეიკ-ინფორმაციის“ არსი.

კლიმატის ცვლილებამ მყინვარების სწრაფი დნობა გამოიწვია და თუ მომავალი 100 წელი ასე გაგრძელდება, ენგურის აუზში ჰესების გამომუშავების წილი შეიძლება 4-6%-ით შემცირდეს – ეს არის ამერიკელი გლაციოლოგის, კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორის W. T. Pfeffer-ის მოსაზრება. ამ თემაზე სხვა მკვლევრებიც მუშაობენ და დაახლოებით, იმავეს ამტკიცებენ.

თავისთავად, ეს ციფრი არ არის საგანგაშო. საგანგაშოა მხოლოდ კლიმატის ცვლილება, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება – ამის შესახებ მეცნიერები გვაფრთხილებენ!

კაცობრიობისთვის ამ რადიკალურად არასასურველი პროცესის შესაჩერებლად საჭიროა სათბური გაზების გაფრქვევის შემცირება. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ენერგიის განახლებადი წყაროების, მათ შორის ჰიდროენერგიის მაქსიმალურად თვისება-გამოყენება და ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით თბოელექტროსადგურებზე წარმოებული ენერგიის ჩანაცვლებაა.

ენერგეტიკის საერთაშორისო საგენტოს (IEA) მონაცმებით, 2018 წელს, მთელ მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაში, განახლებადი ენერგიის წილი მხოლოდ 25% იყო, მათ შორის: ჰესების – 17.5%; ქარის სადგურების – 5.1%; მზის სადგურების – 2.2%; გეოთერმულის კი – 0.4%.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, განახლებადი ენერგიის წილი, ჯერჯერობით, მცირეა, მაგრამ მათ შორის ჰესების დომინანტი პოზიცია აშკარაა.

ის, რომ ჰესების მშენებლობა არ შეჩერებულა, ამაზე IEA-ს სტატისტიკაც მეტყველებს. IEA-ს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ: 1990-2018 წლებში, ჰესებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მსოფლიოში თითქმის გაორმაგდა და 2200 ტვტ/სთ-დან 4325 ტვტ/სთ-მდე გაიზარდა. ასეთი მატების მიზეზი გახლავთ ჰესების მშენებლობის სწრაფი ტემპი აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ აუთვსებელია ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის უდიდესი ნაწილი.

აქვე, ძალიან საყურადღებო და გასაოცარია ევროპის ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები, სადაც თითქოს, ჰესების ასაშენებელი ადგილიც კი აღარ უნდა იყოს დარჩენილი (!) შვეიცარიაში ამავე პერიოდში, 1990-2018 წლებში, გამომუშავებული ჰიდროელექტროენერგია 31 ტვტ/სთ-დან 41 ტვტ/სთ-მდე, ანუ 32%-ით გაიზარდა, ავსტრიაში მატება იყო 38%, ხორვატიაში – 50% და აშ. საქართველოში ამ პერიოდში მატებამ 19% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ჰიდროპოტენციალის მქონე ქვეყნებს შორის.

ასე რომ, ჰესების მშენებლობას ან ჰესებზე ელექტროენერგიის წარმოების პროცესს არ აქვს არავითარი უარყოფითი ზეგავლენა ან კავშირი მყინვარების დნობასთან. ეს კიდევ ერთი, სახელდახელოდ შეკოწიწებული მითია საქართველოში ჰიდროენერგიის გამოყენების წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ჰიდროენერგიით მსოფლიო გლობალურ დათბობას ებრძვის!

მსგავსი მითის და მოსაზრების გავრცელება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: ანტიქართულმა პროპაგანდამ იმდენად გაიმყაროს საფუძველი, რომ ვერასოდეს ვერ შევძლოთ საკუთარი განახლებადი წყლის რესურსების გონივრულად გამოყენება, უარი ვთქვათ ენერგოდამოუკიდებლობაზე და ამით, მაქსიმალურად შევზღუდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და საბოლოოდ შევარყიოთ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა!” – წერს გიორგი აბრამიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...