გიგლა აგულაშვილი: მინისტრად დარჩენა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საქმის კეთება გამეგრძელებინა

გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი "აიპრესთან" მიზეზებს განმარტავს, რომლის გამოც "რესპუბლიკურ პარტიასთან" ერთად კოალიცია არ დატოვა და მინისტრად დარჩენა გადაწყვიტა. 

"მიზეზი შეიძლება, ბევრი ყოფილიყო. მთავარი არსებითი მაინც ის არის, რომ როდესაც სამინისტროში მივედი ერთი რამ დავინახე. მინისტრის ყოველი მისვლა იქ იწვევს სერიოზულ ტურბულენტობას. ჩნდება უმძიმესი მოლოდინები იმიტომ, რომ წინა პერიოდის გამოცდილება ასეთია, მოვიდა, ვიღაცები მოიყვანა, ვიღაცები წავიდნენ. ეს, ერთი მხრივ, არადემოკრატიული პროცესი, მეორე მხრივ საკმაოდ მძიმე, მტანჯველი პროცესია.

ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილების შოვნა, მით უმეტეს, სახელმწიფო სამსახურში ძალიან რთულია. როგორც ხშირად ამბობენ, უკავშირდება ნეპოტიზმს, ნაცნობობას, ურთიერთმეგობრობას. მისვლა ისეთ ტკივილიან მოლოდინებს აჩენს, რომ თუ ამას გააცნობიერებ, ჩემი აზრით, ხელი უნდა შეიწყო ისეთი სტანდარტების ჩამოყალიბებას, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები მოდიან და მიდიან, მაგრამ ძირითადი ვერტიკალი იქ რჩება და ეს პროფესიონალების სამსახურებიდან წასვლაზე ეს გავლენას არ ახდენს. იმიტომ, რომ იკარგება მემკვიდრეობითობა.

ხშირად, დაწყებული საქმეები იკარგება, კარგი იდეები კვდება. ხშირად, ყველა ახალი ადამიანი ამბობს, რომ მე მოვედი ჩემი გუნდით, გავაკეთებ ამას, იმას. მერე ისინი მიდიან, მოდიან ახლები. ეს პირდაპირ უკავშირდება ძალიან ისეთ ტკივილიან განწყობებს, რომ დაწყებული საქმეები, ჰორიზონტზე რომ გაქვს ხედვა, აქ უნდა მიხვიდე, ეს უნდა გააკეთო, გინდა მოასწრო და რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი გააკეთო შენი ქვეყნისთვის, რაც შექმნის არსებითს. სასწორის პირას დებ რაღაცებს და წონი. დავუშვათ, ამ გზით რომ წავიდე რას გავაკეთებ ქვეყნისთვის, ამ გზით რომ წავიდე მეტი ხომ არ არის, ცოტა ხომ არ არის?

მე მითქვამს, რომ აქ ძალიან ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება და არ იყო 1% 99%-თან, ან 10% 90%-თან. სასწორის პინაზე ძალიან ახლოს იყო. საბოლოო ჯამში, ჩემში მაინც გადაძალა საქმის აქტიური კეთების პროცესში დარჩენის სურვილმა. მით უმეტეს, იმ გუნდში, რომელიც მონდომებულია და აქვს სერიოზული სამოქმედო გეგმა, რომლის პრეზენტაციაც იყო. მათ შორის ოთხ პუნქტიანი სამოქმედო გეგმა და ხედვა, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვითი ინტერესების მნიშვნელოვან, სერიოზულ, არსებითად ახალ დამოკიდებულებას სახელმწიფოს მხრიდან.

ერთი მხრივ, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის ბიძგი, მაგრამ არა გარემოს დაცვის ხარჯზე. მე ამიტომ გადავწყვიტე დარჩენა, რომ საქმის კეთება გამეგრძელებინა",- 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად