გიგლა აგულაშვილი: ბრაკონიერებს და ხის უკანონო მომპოვებლებს ომს ვუცხადებ

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, სანამ მინისტრი ვარ ყველაფერს გავაკეთებ , რომ ომი გამოუცხადო ბრაკონიერებსა და ხის უკანონო მომპოვებლებს. არ ვიცი, ამ ბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ ყველაზე მეტად სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მაქვს.
ბრაკონიერებს საშუალებას არ მივცემ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს საქართველო მოუკლან. ჩვენ ვიზრუნებთ სამუშაო ადგილების შექმნაზე და კანონიერი ხის რესურსების მოპოვებაზე, მაგრამ უკანონო მოპოვების მიმართ ვიქნებით ძალიან მკაცრი“, – ამის შესახებ „აიპრესთან“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.

– ბატონო გიგლა, იმის გამო რომ სვანეთის მოსახლეობას ხის ჭრის უფლებას არ აძლევდით, ისინი თქვენი სამინისტროს წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავდნენ და ცენტრალურ გზას კეტავდნენ. 

– წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი – ადამიანები ტყეს შემოსავლის წყაროდ განიხილავენ. სხვა არაფერი აინტერესებთ, გარდა იმისა, რომ ტყიდან მიღონ შემოსავლები. რა თქმა უნდა ჩვენი მიდგომა ვერ იქნება თანხვედრაში ასეთი ადამიანების პოზიციასთან. მოქალაქეები სისტემატიურად ითხოვენ, მათი საცხოვრებლიდან ახლოს მიიღონ რესურსზე წვდომა, რაც გამორიცხულია. რადგან ისიც კი, რაც შეიძლება მოიჭრას, ამოწურვადი რესურსია და ტყე ბუნებრივად, გნებავთ ჩვენი დახმარებით, ვერ ასწრებს ისეთ განახლებას, რომ ყოველთვის ახლო მანძილზე იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ იძულებული ვართ შორ მანძილზე გამოვყოთ მოსახლეობისთვის ტყე კაფიები,რის გამოც გვაკრიტიკებენ, ხშირად ამ საკითხში პირადი ინტერესები ერევა, საბოტაჟიც კი დაგვაბრალეს. ტყე უნდა შევინარჩუნოთ. სიმართლე ამ წინააღმდეგობაში ჩვენსკენ არის, მაგრამ აუცილებელია, მეტი დიალოგი ადამიანებთან და მათი მხრიდან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და ჩართულობა. 

– ხომ არ გიქრობთ, რომ ხის ჭრის საკითხზე კანონში ცვლილებებია შესატანი? 

– ახალი კოდექსი უკვე მზად არის, რომელსაც სავარაუდოდ ახალი პარლამენტი მომავალ წელს მიიღებს.

– რა ცვლილებებზეა საუბარი? 

ახალი ცვლილებით ძირითადი უფლებები სატყეო სააგენტოს მიენიჭება. დღეს შეშისთვის ადამიანს ვაძლევთ არა ხეს, არამედ რესურსის მოპოვების უფლებას, რის შემდეგ სხვა ადამიანები არიან ამ რესურსის დამამზადებლები. გვინდა, რომ დამამზადებელი გახდეს სატყეო სააგენტო და გახდეს პასუხისმგებელი მთლიან პროცესზე, როგორც პირველი კატეგორიის, ასევე საშეშე რესურსის. ხელმისაწვდომი იყოს როგორც მასალა ან სხვა მერქნული რესურსი გარკვეულ ადგილებში. დავასაწყობებთ, სადაც მუნიციპალიტეტი გამოგვიყოფს ადგილებს. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მივიდეს და ადგილზევე შეიძინოს პროდუქტი – ტყეში სიარული არ დაჭირდებათ.

ძალიან ბევრი მახინჯი ფორმა არსებობს, რომლებიც უპატიოსნო ადამიანების ხელში უკანონო შემოსავლების წყაროდ და ფაქტიურად დანაშაულებრივ სქემად იქცა. ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მოდელები შევცვალოთ, ერთის მხრივ მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ვაკუუმი არ შევქმნათ, მეორეს მხრივ, არ მივცეთ შესაძლებლობა არაპატიოსან ადამიანებს ისარგებლონ ასეთი სქემით.

სვანეთში, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოხდა გზების გადაკეტვა და ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი მეთოდი სახელმწიფოსთან ურთიერთობისა…. არის დაახლოებით ასეთი მიდგომა, რომ აქ არ გვაქვს ჩვენ სხვა სამუშაო ადგილი და ამისთვის უნდა მოგვცეთ თქვენ რესურსი და ჭრის უფლება. ბუნებრივია, შეგვიძლია,ეს გავიზიაროთ მხოლოდ იქ და მაშინ თუ ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. ამავე დროს ვფიქრობ, რომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ აქ ამ ადამიანების დასაქმება. თუმცა, წლების განმავლობაში ხის უკანონო მოპოვებამ ისეთი მასშტაბები მიიღო და იმდენად დიდი მასშტაბების შემოსავლების გენერირებაზეა ლაპარაკი, მილიონობით ლარზეა საუბარი. რა თქმა უნდა ნებისმიერი გონივრული წარმოსახვაც კი ნათელს ჰყოფს, რომ აქ არ არის დასაქმებაზე საუბარი. დასაქმების ყველაზე საუკეთესო მოდელიც კი რომ გამოუჩნდეს… მაგალითად სვანეთში ტურიზმი კარგად ვითარდება და დასაქმების ერთ-ერთი სფერო ეს არის, მიუხედავად ამისა ისეთი დიდი დისბალანსი იქნება შემოსავლებში უკანონო მოპოვებისა და კანონიერი შემოსავლების დროს, რომ ალბათ ამით ვერ მოვხიბლავთ ამ ადამიანებს.

მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, სანამ მე ვარ მინისტრი, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ომი გამოუცხადო ბრაკონიერებსაც, ხის უკანონო მომპოვებლებსაც. არ ვიცი ამ ბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს. ამ საქმეში ყველაზე მეტი მხარდაჭერის იმედი სამოქალაქო საზოგადოებისგან მაქვს, იმ ადამინებისგან ვის რიტორიკაშიც ყოველდღიურად იზრდება გარემოს დაცვის შეგნება. არ მინდა და არ მივცემ საშუალებას ბრაკონიერებს, რომ მათ საქართველო მოუკლან ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს და ამისთვის მეც და სამინისტროც ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვიზრუნებთ სამუშაო ადგილების შექმნაზე და კანონიერი ხის რესურსების მოპოვებაზე, მაგრამ უკანონო მოპოვების მიმართ ვიქნებით ძალიან მკაცრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად