გიგი უგულავა: როგორც მოქალაქეს, მომადგა ზიანი, დავხარჯე ფული, ვიყიდე ბილეთი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს.

როგორც გიგი უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, გამთენიისას ჯერ უკრაინაში, შემდეგ ევროპაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა აეროპორტში, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

მისი თქმით, არსებობს ოპოზიციური ლიდერების ბაზა, სადაც ყველა ის პირია შეყვანილი, ვისზეც გამოძიება მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მას საგამოძიებო უწყებამ ქვეყნის დატოვების შეზღუდვა მოუხსნა, მაინც ბაზაშია და ბოლო წლებში უკვე მესამედ ვერ გადის ქვეყნიდან.

„ეს ყველაფერი დაემსგავსა იმას, რასაც პუტინის რეჟიმი აკეთებს განსხვავებულად მოაზროვნე თუ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ. დღეს დილით, აეროპორტში, აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით, პასპორტით, კოვიდტესტით და შესაბამისი ყველა ბილეთით ვიყავი აღჭურვილი, მაგრამ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მომცეს. ერთი საათი ველოდე, ბარგი უკვე ჩაბარებული მქონდა, რის შემდეგაც განმიცხადეს, რომ ვერ გავფრინდები. ადგილზე შსს განმარტებებს არ და ვერ იძლევა, მაგრამ როგორც მე გავარკვიე, არის ბაზა, რომელშიც შეყვანილია აბსოლუტურად ყველა ოპოზიციის ლიდერი, რომელიც გაგიგიათ და არ გაგიგიათ, ყველა, ვისზეც ოდნავ საქმეა აღძრული. იმ ბაზაში ხარ და დილის 6 საათზე ვერავის ვერ აღვიძებენ, რომ გაარკვიონ ამ ადამიანს აქვს მართლა შეზღუდვა თუ შეუძლია გადაადგილდეს. ბოლო შეზღუდვა სასამართლომ მომიხსნა, მაშინ როდესაც პატიმრობაში ვიყავი უკანონოდ. დღეს მე არანაირი შეზღუდვა არ გამაჩნია, მიუხედავად ამისა, დაირღვა ჩემი კონსტიტუციური უფლება გადაადგილების. ასე იქცევა პუტინის რეჟიმი, რაც სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მთლიანად გადმოიღო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, ახლა ეუბნებიან, რომ „თურმე ტექნიკური შეცდომა იყო და პროკურატურას არ გაუგზავნია წერილი, შესაბამისად, გვარი ბაზიდან არ ამოიღეს”.

„მე, როგორც მოქალაქეს, მომადგა ზიანი, დავხარჯე ფული, ვიყიდე ბილეთი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად