გიგი უგულავა: როგორც კი ხელისუფლება იწყებს საუბარს ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე, პირდაპირ პანჩური უნდა ამოარტყა

“ოპოზიცია როგორი იქნება, ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე საუბრის დაწყება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია”.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

„რვა წელია ხელისუფლებაშია და ცდილობს ოპოზიციის გაქრობას, მაგრამ ოპოზიციის საერთო ჯამი იზრდება არჩევნებიდან არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, მისი სურვილები, რომ შეიქმნას რაღაც ახალი ოპოზიცია, არის მისი სურვილი. როგორც წესი, ასეთი სურვილი ებადებათ ავტორიტარული რეჟიმების ხელმძღვანელებს და ასეთია ივანიშვილი. მან, თალაკვაძემ და შლეგმა ღლაპმა კობახიძემ ვერ გაიგეს, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ირჩევს ხალხი, სხვადასხვა პროპორციით. ოპოზიცია როგორი იქნება, ეს არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი. როგორც კი ხელისუფლება იწყებს საუბარს ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე, იმ ხელისუფლებას პირდაპირ პანჩური უნდა ამოარტყა, რადგან ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც ადამიანი იწყებს ლაპარაკს, რომ ხელისუფლებაც მე უნდა ვაკონტროლო და ოპოზიციაც, ეს უკვე დიქტატურის გაფორმება იქნება. უბრალოდ ეს არის მისი სურვილები, რომელიც საქართველოში არასდროს ახდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მაშინ წავა პოლიტიკიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში.

„ეს მოხდება ძალიან მალე, მომავალ რიგგარეშე არჩევნებზე, რომელსაც კიდევ უფრო დავუახლოვდით მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ეს მანევრი ჩაატარა. თუ აქამდე ვამბობდით, რომ გაყალბებულია არჩევნები და ლეგიტიმაცია არ აქვს, ახლა იმაზეც ვთანხმდებით, რომ ის ხალხი, ვინც იქ დასვა, არ აურჩევიათ. ივანიშვილი იყო მთავარი ფაქტორი და თუ ის მართლა წავიდა, არაფერი ესაქმება ამ პარლამენტს. ეს საქართველოს პარლამენტი არ არის, ეს არის მარსის და მთვარის პარლამენტი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად