გიგი უგულავა პოლიციელებს: თქვენ ხართ მილიცია, აღარაფერი თქვენში არ არის ეროვნული პოლიციის

მინდა, მოგმართოთ თქვენ, პოლიციელებო, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ხართ მილიცია, აღარაფერი თქვენში არ არის ეროვნული პოლიციის. თქვენ გქონდათ შანსი, ხუთ თქვენგანს ხმა რომ აემაღლებინა და არ დაეჯერებინა ამ კაცისთვის, რომელიც არის ჩვეულებრივი „ქართული ოცნების“ ზონდერი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ხმა რომ ამოგეღოთ, ქვეყანა ამ დღეში არ ჩავარდებოდა. თქვენ სამსახურიდან ვერავინ გაგაგდებდათ, მაგრამ თავს შეინახავდით ამ სირცხვილისგან, რაც ქვეყანას თქვენ მოუვლინეთ. ამიტომ, პასუხისმგებლობა დღეს თქვენზეა. სახლში ოჯახი მყავს, კრედიტები მაქვს – ეგ გამართლება არ არის. ქვეყანა თუ დაინგრა, ყველას მოგვეკითხება მერე. ამიტომ, უნდა იცოდეს ყველამ, რომ პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური. ივანიშვილია ყველაფერში დამნაშავე და მე არაფერ შუაში ვარ, – როცა გვეტყვიან ესენი (პოლიციელები), ეს ასე არ არის. ინდივიდუალურია პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველანი საკუთარ ქმედებაზე ვაგებთ პასუხს.

სამწუხაროდ, ჩვენი პოლიცია გახდა, რუსულ სიტყვას ვიხმარ – „ოპროჩნიკების“ ბრიგადა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ხუშტურებს ექვემდებარება. მათი ადგილი თავისუფალი საქართველოს პოლიციაში არ იქნება. ერთი კაცის დასაჭერად მოსული 3 600 ადამიანი – ეს პოლიცია არ არის, ეს არის უკვე ბანდა და საქართველოს არ სჭირდება პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანი, ღირსების ნაცვლად, აღმოჩნდა უღირსობის მორევში. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს არის ფაქტი. მონა, რომელიც თავისუფლებისთვის არ იბრძვის და მონად დარჩება, ქართულ პოლიციაში მისი ადგილი არ არის და ის ზონდერი, თქვენ უკან რომ იმალება, მისი ადგილი სად არის, ძალიან კარგად ნახავს თვითონ ძალიან მალე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...