გიგი უგულავა: კოვიდრეგულაციების ნახევარზე მეტი არის აბსურდი – ტიკარაძის ჭკუის სასწავლებელი არაფერი ჭირს ამ ქვეყანას

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების უმეტესობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს.

ამის შესახებ გიგი უგულავამ ჯანდაცვის მინისტრის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომლის მიხედვით დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა იმ შეზღუდვის დაცვა, რომელიც 28 ნოემბრიდან დადგინდა.

„კოვიდრეგულაციების ნახევარზე მეტი არის აბსურდი, ატარებს პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს, არანაირ კავშირში არ არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან. ქალბატონ ტიკარაძეს და განსაკუთრებით ბატონ გამყრელიძეს, იმ ექიმებს, რომლებმაც პირველივე დღიდანვე გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყვნენ „ქართული ოცნების“ ექიმები და არა საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ექიმები, მინდა, ვუთხრა შემდეგი: როდესაც ტიკარაძე გამოდის და ჩვენ რაღაცაზე მოგვიწოდებს, ჯერ თვითონ ზედახორა რომ ჰქონდათ დენდროლოგიურ პარკში მოწყობილი ან წინასაარჩევნო შეხვედრებზე, არ მახსოვს, ქალბატონ ტიკარაძეს სადმე ხმა ამოეღოს.

თუ მას ჰგონია, პოლიტიკოსები მარტო ჩვენ ვართ და თვითონ ზევსის წარმონაქმნები სხედან იქ, სახელმწიფო კანცელარიაში, ძალიან ცდებიან. ამ რეგულაციების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან.

როცა ქვეყანაში გვაქვს პრობლემა, რეალურად ვინც საჭიროებს, ისინი ვერ ხვდებიან საავადმყოფოებში და ხვდებიან რაღაცის საფასურად, პროტექციის შედეგად, როდესაც ჩამოშლილია მთლიანად ჯანდაცვის სისტემა და ათას უბედურებას ვისმენთ ჩვენ ყოველდღიურად, მინისტრი არ უნდა იცლიდეს პოლიტიკოსების მიმართ ჭკუის სწავლებისთვის. ტიკარაძის ჭკუის სასწავლებელი არაფერი ჭირს ამ ქვეყანას, ვანსაკუთრებით სამარცხვინოა, საერთოდ უდიპლომო ადამიანი გელაპარაკება, რომელსაც ნაყიდი აქვს დიპლომი. ეს ადამიანი საერთოდ ხმას არ უნდა იღებდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად