გიგი უგულავა: ჩანს, რომ პატრიარქმა მეუფე იაკობის განცხადებები დაიჯერა

ჩანს, რომ პატრიარქმა მეუფე იაკობის განცხადებები დაიჯერა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, ეს იქიდანაც ჩანს, რომ მან მამალაძის შეწყალების შუამდგომლობა მოითხოვა.

“მეუფე იაკობის განცხადებები რომ დაიჯერა პატრიარქმა ეს იქიდანაც ჩანს, რომ მთელი ამ ორი წლის განმავლობაში, დღეს პირველად მოითხოვა მამა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობა. დღეს პირველად მოხდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ვერსია, რაც გაჟღერებული იყო, შესაძლოა შელამაზებულია, ან თეთრი ძაფით არის შეკერილი, მაგრამ ის ვერსია, რომ პატრიარქის გდაყენება თუ მოკვლა იგეგმებოდა, ამ ვერსიის საპატრიარქოში სჯეროდა.

არავინ იხსენებს იმ მთავარ საკითხს, რომელიც ზედაპირზე დევს და რომელიც ღიად გაჟღერდა. თავის დროზე შოთაძის ბრიფინგი ყველამ გაიგო ისე, რომ მზადდებოდა პატრიარქის მკვლელობა. შემდეგ უცბად ეს გადათამაშდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაზე. რა უძღოდა ამ განცხადებას წინ, ამაზე ყველა დუმს. ამას წინ უძღოდა ის, რომ სახელმწიფო არა პატრიარქის გადაყენებას ცდილობდა ივანიშვილი, არამედ ახალი პატრიარქის დანიშვნას. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ოპერაციას ვერ გაუძლებდა.

სულ უფრო ღიაა ივანიშვილის პრორუსული პოლიტიკა. ამავე დროს პარალელურად ხდება პატრიარქის გვერდზე გაწევის თუ დემონიზაციის მცდელობა. მეც მაქვს პრეტენზია პატრიარქთან, მაგალითად ის, რაც მართლა ისტორიას დარჩებოდა, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, რომელიც საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად