გიგი წერეთელი საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დღეს საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის საკითხები. კონკრეტულად, საუბარი შეეხო ყარაბახთან დაკავშირებულ საკითხებს და ეუთოს ჩართულობას ამ პროცესებში.

გიგი წერეთლის თქმით, „არსებობს ეუთოსი მინსკის ჯგუფი, რომ ელიც ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობს და ჩვენც ვეხმარებით ამ პროცესს, თუმცა ბუნებრივია, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების საფუძვლები და გასაღებიც არის თვითონ ქვეყნებში. აქ უნდა იყოს პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ მოხდეს მოგვარება, მოხდეს შერიგება და არ იყოს ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, რომელიც რეგიონში ამჟამად არის“.
გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ის არსებული კონფლიქტები, რომელიც რეგიონში არსებობს, ეს ეხება რუსეთ-საქართველოს თუ ყარაბახის კონფლიქტს, მთლიანად რეგიონალური განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორებია, ამიტომ მთავრი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ამ კონფლიქტების მოგვარებისთვის და ამ გზას ხელისშეწყობა ჭირდება, რაშიც ეუთო აქტიურად არის ჩართული.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის, როგორც პარტნიორი ქვეყნებისა და მეგობარი ერების ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას კულტურული და ეკონომიური მიმართულებით.

ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად