გიგი წერეთელი  რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ევროპელ ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი  რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მომავალ კვირაში ევროპელ ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრებს.

ამის შესახებ გიგი წერეთელმა დღეს, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ჩასვლის შემდეგ განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

„‌რაც აქ ხდება, არის უკანონო. ეს არის გაგრძელება დანაშაულებრივი ქმედების, რასაც ბორდერიზაცია წარმოადგენს. პერიოდულად აქ ხდება ბოძების ჩასმა, მავთულხლართების გავლება. ვფიქრობ, ამ პროცესს, რომელსაც უცბად ვერავინ გადაწყვეტს, სჭირდება დიდი აქტიურობა და ზეწოლა. როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მომავალ კვირას მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა ევროპაში ლიდერებთან. ვაპირებ, ამ საკითხზე ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე ბევრს ვაქტიურობთ, არსებობს ბევრი რეზოლუცია, არსებობს ძირითადი ხელშეკრულება ევროკავშირთან ევროკავშირის ბროკერობით, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს, ეს არის დიდი პრობლემა. მას აქვს ვალდებულება, შეასრულოს. ამ დროს ხდება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გავლება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ, თუმცა ტერიტორიაზე პატრულირებენ. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით, ქართველი სამართალდამცველების კორდონია მოწყობილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად