გიგი წერეთელი: ხელისუფლება ძალიან ჯიუტად აგრძელებს ამნისტიის კანონზე ლაპარაკს, რომელიც მიუღებელია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის თქმით, ნიკა მელიას აქვს პრინციპული პოზიცია და ის მართალია პოლიტიკურად, როცა არ გადაიხადა გირაო და არ სურს გათავისუფლება 20 ივნისის დამნაშავეებთან ერთად, თუმცა წავიდა კომპრომისზე, რომ დათანხმდეს ევროკაშირის გირაოს.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონით კვლავ რჩება იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს პოლიტიკური ვაჭრობის, ვინმეს შანტაჟის და შეშინების ელემენტები, რის გამოც არის მიუღებელი და შეუსაბამო.

„ჩვენ ჯერ ვისმენდით, რომ როცა უნდა მაშინ გამოვა ოღონდ გირაო გადაიხადოს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს; ახლა საერთოდ შორს წავიდა ხელისუფლება და ამბობს, რომ „ამნისტიის კანონს“ მივიღებ იმგვარად, რომ თუ იტყვის მზად ვარ, მაშინ გამოვა. ძალიან ცუდი ვითარებაა შექმნილი. ვფიქრობ, მელიაზე ამ ტვირთის დადება აბსოლუტურად არასწორია. ჩვენ ამიტომ არ ვართ ამ შეთანხმების მონაწილე და მიგვაჩნია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო ნაჩქარევი და არ იყო კარგად ჩამოყალიბებული და გათვლილი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის ამოვარდნილი სამართლებრივი და თუნდაც პოლიტიკური კონტექსტიდან.
ნიკა მელიას აქვს პრინციპული პოზიცია და ვფიქრობ, მართალია პოლიტიკურად, რადგან არ გადაიხადა გირაო, როგორც პოლიტიკური აქტი და ახლაც ამბობს სწორად, რომ 20 ივნისის დამნაშავეებთან ერთად არ მინდა ამგვარი თავისუფლება. ვფიქრობ, ყველა პრინციპული პოლიტიკოსი ამგვარ განცხადებას გააკეთებდა. ასევე, ის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომ ამის გაგრძელება დაუსრულებლად ძნელია, დათმობას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში წარიმართოს პროცესი, რაც ასევე არის უნიკალური მოვლენა. ჯერჯერობით, როგორც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლება ძალიან ჯიუტად აგრძელებს ამნისტიის კანონზე ლაპარაკს, რომელიც მიუღებელია.

ამ შეთანხმებაში არა მხოლოდ ამნისტიაზეა საუბარი, არამედ არის იმ ზომებზეც, რომელიც იგივე შედეგს დააყენებს. ანუ თუ ხელისუფლებას სურს შედეგი დადგეს, ნიკა მელია გათავისუფლდეს, მას აქვს ამის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი და იოლად, მარტივია, ერთ დღეში ერთ საათში შეუძლია ეს საკითხი გადაწყვიტოს, თუკი პროკურატურა შესაბამის განაცხადს შეიტანს. შეიძლება საქმეც შეწყდეს საერთოდ. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მანიპულირება ხდება და იმგვარი კანონის მიღება, რომელიც მიუღებელია მელიასთვის, მაგრამ გარკვეულად დატოვებს საფრთხეებს, რომ ის საპატიმროში დარჩეს, ამაში იყოს პოლიტიკური ვაჭრობის, ვინმეს შანტაჟის და შეშინების ელემენტები, სწორედ ეს არის მიუღებელი და შეუსაბამო, რითაც ეს შეთანხმება გაფორმდა.

მიკვირს რატომ აქვს ხელისუფლებას პოზიცია, რომ უნდა ყველაფერი გადააბრალოს პოლიტპატიმარ ნიკა მელიას და მასზე იყოს მთელი ტვირთი შეთანხმება შესრულდება თუ არა. რა ქნას ნიკა მელიამ? დღეს ყველანი მისი ადვოკატები ვართ და ადამიანი ამბობს, რომ არ გადაიხდის გირაოს. მაგრამ როცა ქვეყნისთვის ასეთი უნიკალური შეთავაზება გააკეთა ევროკავშირმა, თქვა რომ ამ პირობას დათმობს, ოღონდ არ მიიღოთ იმგვარი კანონი, რომელიც რეალურ დამნაშავეებს გამოუშვებს ციხიდან. მეტი რა უნდა გააკეთოს პოლიტპატიმარმა ნიკა მელიამ?!“ – განაცხადა წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...