გიგაური: წყალთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა არც ერთ სკოლაში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, სკოლას ყოველთვის გაფილტრული, უსაფრთხო წყალი მიეწოდება. ამ განცხადებით, ლია გიგაური ომბუდსმენის ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სკოლებში სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო აღმოჩნდა.

წყალთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა არც ერთ სკოლაში. წყალმომარაგების კომპანიები წყლის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად აკეთებენ ლაბორატორიულ ანალიზს. თუნდაც ოდნავი გადახრის შემთხვევაში, ისინი წყვეტენ წყალმომარაგებას და შესაბამის ღონისძიებებს ღებულობენ. წყალი სკოლას ყოველთვის გაფილტრული, უსაფრთხო მიეწოდება”, –განაცხადა ლია გიგაურმა.

ლია გიგაურის თქმით,იმ შემთხვევაში, თუ პერიოდულად სკოლა თავისი რეზერვუარის გაწმენდას და დეზინფიცირებას არ აკეთებს, წყალმომარაგების კომპანიები განათლების სამინისტროს მიმართავენ.

მაგრამ ასეთი ფაქტი არსად დაფიქსირებულა, არასოდეს ყოფილა, რადგან სკოლები რეკომენდაციებს მიჰყვებიან, არსებობს სპეციალური რეგლამენტი და იცავენ რეკომენდაციებს. გაფილტრული წყალი არ აქვთ იმ სოფლებში, სადაც გათხრილია ჭა, რადგან სოფელში ზოგადად არ არსებობს წყალმომარაგება. ასეთ შემთხვევაში მაინც მოწმდება წყლის უვნებლობა”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათ მიერ რიგი საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად, ასევე გამოვლინდა სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემა. განათლების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი 4000-მდე შენობაში მიმდინარეობს და მათი უმრავლესობა წინა საუკუნეშია აშენებული. მისივე განმარტებით, მათი ექსპლუატაციის ვადა საკმაოდ დიდი ხანია გასულია, თუმცა ასეთი შენობები რეალობაა, რომ გვაქვს.

„ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველგან ერთდროულად ასეთი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, ამიტომ, პრობლემების კატეგორიზაცია ხდება”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

ცნობისათვის, ომბუდსმენმა საჯარო სკოლებში წყალის ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად