გიგაური: კვლევაში ხუნდაძის შემთხვევა გაგვეპარა, დეპუტატს ვაცნობეთ, მან კი ჩვენი გალანძღვა დაიწყო

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თაობაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ კვლევაში დიმიტრი ხუნდაძის შემთხვევა გაეპარათ, ხოლო როცა აღმოაჩინეს, მაშინვე შეცვალეს და დეპუტატსაც აცნობეს.

გიგაური აცხადებს, რომ ამის მიუხედავად დეპუტატმა აქცენტი სხვა რამეზე გადაიტანა და მათი ლანძღვა დაიწყო.

“დღეს გამოვაქვეყნეთ კვლევა, სადაც ვსაუბრობდით საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების დასაქმებაზე საჯარო სამსახურში. ყველა საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია ვნახეთ და შევადარეთ წინა წლის დეკლარაციებთან და თუ აღმოჩნდა, რომ ადრე მათი ოჯახის წევრი არ მუშაობდა არსად და უცებ საჯარო სამსახურში დასაქმდა, ის შემთხვევები გამოვყავით. ისიც ვთქვით, რომ მათ შეიძლება ქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგრამ თავისთავად საეჭვოა ის შემთხვევები, როცა სამსახურებს ოჯახის წევრები მათ დაქვემდებარებულ სამსახურებში იწყებენ.

მოკლედ ამ ზღვა მასალაში ერთი შემთხვევა გაგვეპარა, როდესაც დავწერეთ, რომ დეპუტატი ხუნდაძის ოჯახის წევრი სახელმწიფო კომპანიაში მუშაობს. აღმოჩნდა რომ ეს კომპანია კერძო ყოფილა. ეს რომ დავადგინეთ, მაშინვე შევცვალეთ და დეპუტატსაც დავუკავშირდით და ვაცნობეთ ამის შესახებ. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, რომელსაც უზუსტობის აღიარება არ უჭირს. და რა გააკეთა ხუნდაძემ? გარდა იმისა, რომ ჩვენ წინა კვლევასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, შეეცადა ამ კვლევის მთავარი მიგნებიდან გადაეტანა ყურადღება და ჩვენი გალანძღვა დაიწყო.

მთავარი მიგნება კი ისაა, რომ ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირები მართლაც ეხმარებიან თავისი ოჯახის წევრებს დასაქმებაში და ქვეყანაში გვაქვს ნეპოტიზმი. ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა თავისი გარემოცვის მაგალითზე. ერთი მიკვირს ხუნდაძისგან ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამდენჯერ იყო შემთხვევა როცა ბიუჯეტი ვერ აითვისეს, ფული არასწორად დახარჯეს, კანონი მიიღეს – ნახეს რომ არასწორია და ისევ უკან შეცვალეს, ხალხს თვალები დათხარეს, სარალიძის საქმე ბოლომდე არ გამოიძიეს, მოსამართლეების კლანი მურუსიძის თამადობით თავზე დაგვასვეს, სავარაუდოდ უდიპლომო პროკურორი დაგვინიშნეს და ა.შ. და ერთხელ არავინ გამოსულა და უთქვამს შეგვეშალა ხალხო და უკაცრავადო.

იცით რატომ? იმიტომ, რომ მაგასაც ვაჟკაცობა ჭირდება და პასუხისმგებლობის გრძნობა. რაც მათ უმეტესობას არ გააჩნია!

პ.ს. ცხადია არც დეპუტატი კოპალიანი მომიხდის ბოდიშს უცენზურო სიტყვების ჩემთან მიმართებაში გამოყენებისთვის და იმ სიტყვების დაბრალებისთვის რაც არასოდეს მითქვამს…” – წერს ეკა გიგაური Facebook-ში.

შეგახსენებთ, ამ ფაქტის გამო დიმიტრი ხუნდაძემ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად