გიგა მაქარაშვილი: გახარია დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე

გახარია დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიგა მაქარაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

“გუშინდელი გადაწყვეტილება არის ერთი საფეხური იმ მრავალსაფეხურიანი კიბის, რომელზე ასვლასაც ვაპირებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად მთელი სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წლის 21 ივნისს დიდი ბანერი გვქონდა, სადაც სამი პუნქტი გვქონდა, მათ შორის იყო გახარიას გათავისუფლება.

გახარია დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და ამ ეტაპზე თავს უსაფრთხოდ გრძნობს. იმიტომ, რომ არც პროკურატურაა თავისუფალი, არც სასამართლო, თუმცა ეს რაღაცა პატარა ეტაპია. დიახ, თავი გადაირჩინა მან და ამ ეტაპზე უსაფრთხო ზონაშია, მაგრამ ეს დროებითია. ჩვენ უნდა ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო და ამ ადამიანმა, ყველა მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს. იმიტომ, რომ არა მარტო “ქართულმა ოცნებამ” არამედ ყველა შემდგომმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ სამოქალაქო საზოგადოება აღარ დაუშვებს იმას, რომ ხელისუფალი მას ასე ექცეოდეს”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. “ქართულმა ოცნებამ” მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, მას პარლამენტში ორშაბათს მოუსმენენ და მთავრობის მიმართ ნდობის საკითხიც ორშაბათსვე გავა კენჭის საყრელად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...