გიგა ბოკერია: ვადამდელი არჩევნებიც რომ დაინიშნოს, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება იგივე შედეგი დადგეს

ვადამდელი არჩევნებიც რომ დაინიშნოს, რაც არის და რჩება ჩვენს ამოცანად, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება იგივე შედეგი დადგეს და მერე ისევ დაიწყება ლაპარაკი, რომ ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები, – განაცხადა ტვ „პირველის“ ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობა უნდა იქცეს ოპოზიციის რუტინად და მოქალაქეებს უნდა შეუქმნან სწორი წარმოდგენა, რომ ეს არის სამწუხაროდ ხანგრძლივი ბრძოლა.

„ახლა პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენ ყველა მოქალაქეს, ვინც ამ პროცესში ჩართულია და სხვებს, სწორი წარმოდგენა უნდა შევუქმნათ, რომ ეს არ არის დღეების და კვირების საკითხი, ეს არის სამწუხაროდ ხანგრძლივი ბრძოლა, როგორც არ უნდა გაბრაზდნენ. მეორე – ეს საპროტესტო მოძრაობა ამ სიტყვის კარგი გაგებით, უნდა იქცეს ოპოზიციისთვის რუტინად. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის პროტესტი იქნება სხვადასხვა ინტენსივობით პერმანენტულად, სხვადასხვა ჩართულობით და რა თქმა უნდა, ბევრ სხვა გარემოებაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, რა მომენტში იქნება იმ სიმწვავის, რომ მოუწევს დათმობაზე წასვლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ ამისას მყისიერად. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას, აქტიურ ხალხს, თუ არის პოლიტიკური კრიზისი და თუ გვინდა ყურადღება, კრიზისის გაფორმება, როგორც არ უნდა განაწყენდნენ ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორები, მაშინ უნდა მოხდეს ამ არალეგიტიმური პარლამენტის დეფაქტო ერთპარტიულად დატოვება, ეს იქნება ფაქტორი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
იტვირთება...