გიგა ბოკერია: “სასამართლო ხელისუფლების არგაძლიერება შეცდომა იყო”

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის და ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს არ ესმით ის, რაც უკრაინაში ხდება.

"რაც შეეხება მათ რეაქციას ხელისუფლების ყოფილი წევრების უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ აყენებს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი საკუთარ ბოღმას ქვეყნის ინტერესებზე წინ" – განაცხადა გიგა ბოკერიამ გადაცემა "იმედის კვირაში".

ამავე გადაცემაში, გიგა ბოკერიამ აღნიშნა,  რომ მათი ხელისუფლების პერიოდში გაცხადებულ ნულოვან ტოლერანტობას ის შეცდომად არ თვლის.

"შეცდომა ნულოვანი ტოლერანტობა  არ იყო დანაშაულის წინააღმდეგ. ჩვენ კარგად ვხედავთ, რასაც აკეთებს ახლა ტოლერანტი მთავრობა დანაშაულის მიმართ. ნულოვანი ტოლერანტობა იყო სწორი პოლიტიკა. შეცდომა იყო სასამართლო ხელისუფლების არგაძლეიერბა დროულად, რათა შემაკავებელი ფაქტორი არსებულიყო და ნულოვან ტოლერანტობას არ მოეტანა ის ნეგატიური შედეგები, რაც ჩვენ ვიხილეთ სასამართლოს სისუსტის გამო" – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით პარლამენტის წინაშე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2006 წელს წარსდგა: "ვაცხადებ ახალ კანონპროექტს – ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! ამ დანაშაულებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს – ყველა ციხეში!" – მიხეილ სააკაშვილმა "ნულოვანი მოთმინება" გამოუცხადა ყველა დანაშაულს: "ჰუმანურობის ნიადაგზე ვერანაირი მოსამართლე ვერავის ვეღარ გაუშვებს. ამისთვის 3000-კაციან საგამოძიებო იზოლატორს ვაშენებთ, მზად ვართ, ბანდიტებს პირობები შევუქმნათ, ოღონდ მოგვშორდნენ,"- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...