გიგა ბოკერია: ხელისუფლება ორგანიზებულ დანაშაულს არ ებრძვის და კრიმინალთან შეკრულია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არათუ არ ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს და კორუფციას, არამედ კრიმინალთან შეკრულია. როგორც მან TV პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, ქვეყანას ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოლებს.

“ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია (სტრასბურგის გადაწყვეტილებები). ყველა ხელისუფლებამ, რომელიც ამ ხელისუფლებისგან ანუ, ივანიშვილის  გუნდისგან განსხვავებით, სწორ გზაზე იდგება, ორგანიზებულ დანაშაულს ან კრიმინალს დაუპირისპირდება, უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ბრძოლაში, როგორი მწვავე და დრამატულიც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა, როგორიც იყო “ვარდების რევოლუციის” დროს, უნდა გაითვალისწინოს სტანდარტები, მათ შორის კრიმინალთან ბრძოლის დროს. ეს სერიოზული პრობლემა იყო წინა ხელისუფლების დროს, ამის შედეგია ეს მარცხი. გამართლებას კი არ ვცდილობ, ვხსნი იმ პრობლემას, რაც იყო.

დღევანდელი ხელისუფლება არათუ არ ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს, ზოგადად კრიმინალს, კორუფციას, არამედ მასთან შეკრულია, განსაკუთრებით კრიმინალთან, რასაც ყველა არჩევნებზე ვხედავთ და ეს გამოსავალი კი არ არის იმ პრობლემიდან, სადაც ვიყავით, როცა ვაზაგაშვილის საქმეს ვიხსენებთ, ეს არის უკან წასვლა.

ჩვენ მომავალში გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც კრიმინალთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას აწარმოებს, რადგან მის გარეშე ორგანიზებული დანაშაული ყოველთვის იზრდება. ეს მუდმივი ბრძოლაა, თუმცა ამ ბრძოლაში მას ადამიანის უფლებების დაცვის მყარი სტანდარტები ექნება”,-აცხადებს გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...