„ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ ის ახალგაზრდები იყვნენ პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის, პირველ რიგში ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებულნი.

ღარიბაშვილმა თქვა იქ იდგნენო და ჩამოგვთვალა, ჩვენც გვახსენა ევროპული საქართველოო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიდექით იქ, მაგრამ უდიდესი ნაწილი ამ ხალხის არ იყო დაკავშირებული არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებას.

"ეგ სხვათა შორის ჩვენი პასუხისმგებლობა, მინუსი და პრობლემაა, რომ ეს ასე არ არის. გასაგებია, ივანიშვილის რეჟიმის ამ სამარცხვინო პოლიტიკური არარაობის, ღარიბაშვილის მიზანი იყო, რომ ისევ მუქარას ჰქონოდა ადგილი და ისევ თავის პუტინისტური გზავნილი ჰქონოდა, მაგრამ რეალურად რაც მანდ პრობლემაა და საზოგადოებას მინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ევროპულ საქართველოს კარგად გვესმის, შეიძლება ბევრი სხვისგან განსხვავებით, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა და პასუხისმგებლობა ეგ არის.

საზოგადოებას აქვს ჩვენი ქვეყნის დასავლური გზის მკაფიო ამოცანები, ნება, რომ ამას მხარი დაუჭიროს, ოღონდ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა გარეშეც ვერ ხდება ცვლილება, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის არსი, არ აქვთ მათი მხარდაჭერა და ბმა, სრულიად საპირისპირო ვითარებაა რეალურად, ვიდრე ამ სამარცხვინო ბოდვით პროპაგანდაშია მოხსენიებული“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ