გიგა ბოკერია: ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა რეალისტურია

ყველა პოლიტპატიმრის და განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ასე ამაზრზენად მოექცნენ, გათავისუფლება ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა რეალისტურია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეთა მობილიზება იქნებოდა პოლიტიკური დევნის შეჩერებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

„ჩვენ ვთვლიდით, რომ მეორე ტურამდე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მცდარი იყო არა იმიტომ, რომ გათავისუფლება არ არის სწორი მოთხოვნა. ჩვენ ვამბობდით, რომ პირიქით, მეორე ტურზე მოქალაქეთა მობილიზება იყო ნაბიჯი პოლიტიკური დევნის შეჩერებისკენ, რაც მოხდება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის მორყევის ან მშვიდობიანად შეცვლის შემდეგ. ყველა პოლიტპატიმრის და განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ასე ამაზრზენად მოექცნენ, გათავისუფლება ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა რეალისტურია.

ეს რეჟიმი უბრალო უმრავლესობით რომ მარცხდებოდეს, ავტორიტარული არ იქნებოდა. ბათუმში რეალურად მოიგო იმ ხალხმა, ვისაც უნდოდა ცვლილება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმ მანიპულაციების გამო, რომელსაც მიმართეს. ოღონდ ამ მანიპულაციებს აქვს ზღვარი და ეს ვნახეთ წალენჯიხაში. ისეთი მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ, რომელსაც ეს ვერ გადაწონის. 200 000 ადამიანით ნაკლები მოვიდა ამ არჩევნებზე, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე. თბილისში, თუ არ ვცდები, 80 000-ით ნაკლები მოვიდა. ახლა ვერ შევძელით ამ ხალხის მობილიზება და ყველას ამოცანა უნდა იყოს მუშაობა ამ ადამიანებისთვის ნდობის დაბრუნებაზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ნდობას აზარალებს არათანმიმდევრულობა, არალოგიკურობა და ცრუ მოლოდინების შექმნა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
იტვირთება...